თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა | Allnews.Ge

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

შპს „მოლი ჯგუფის“ მიერ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საკუთრებაში არსებული გაზსადენის დაზიანების გამო 16 იანვარს დაახლოებით 07:00 საათიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, გაზსადენის დაზიანება გამოიწვია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეთანხმებული პროექტიდან გადახვევით შპს „მოლი ჯგუფის“ მიერ წარმოებულმა მიწის გათხრითმა სამუშაოებმა.

მათი ინფორმაციით, გაზმომარაგება ავარიულად შეიზღუდა შემდეგ მისამართებზე: გურამიშვილის გამზირი (გუდამაყრის ქუჩიდან კინო „საქართველომდე“), ქსნის, ფეიქრების, არბოს, ვარდისუბნის, ქვიშხეთის, გვაზაურის, გვაზაურის გასავალის, ზიგზაგის, ღრმაღელის, ერწოს, ხევისუბნის, კვერნაულის, იფნევის, ზვარეთის, ჟველაურის, ედისის, ავთანდილ ღოღობერიძის, კნოლევის, ტოროშელიძის, ც. დადიანის, არალეთის, დვირის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ახალდაბის, მოლეთის ქუჩები, დიდუბის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სექტორის ნაწილი. გაზმომარაგების შეზღუდვა შეეხო 144-ე და 133-ე სკოლებსა და 56-ე საბავშვო ბაღს, ასევე მიმდებარედ ფუნქციონირებად არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს.

ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია. გაზმომარაგების აღდგენა იგეგმება დღესვე, რომელიც ეტაპობრივად დაიწყება 15:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისათვის.

„ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხო გაზმომარაგების ავარიული შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

myquiz