საქართველოს ცალკეულ გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა | Allnews.Ge

საქართველოს ცალკეულ გზებზე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო, შენარჩუნებულია ზვავსაშიშროების რეჟიმი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს.

მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნინოწმინდაში საზღვრის სომხეთის მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზეც აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-საზღვრის სომხეთის მონაკვეთი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია განცხადებაში.

myquiz