როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავა-შარტავას ქუჩებზე | Allnews.Ge

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავა-შარტავას ქუჩებზე

ბოლო რამდენიმე თვეა, თბილისის მასშტაბით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ცენტრალური მონაკვეთი სააკაძის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩებია, სადაც გზის საფარი უკვე დაიგო, მოეწყო ახალი ბორდიურები, საფეხმავლო და ველობილიკები და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგენილია, თუმცა საბოლოოდ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. კერძოდ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის დახაზვის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს კოსტავა-შარტავას მონაკვეთზე მოძრაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც ცალმხრივი გახდა. ყველა "მარშრუტკა" თუ ავტობუსი პეკინის გამზირზე გადაადგილდება. როდის დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შარტავა-კოსტავას ქუჩებზე მოძრაობას, ამ კითხვით თბილისის მერიას მივმართეთ.

როგორც Allnews.ge-ს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში დაიხაზება "ბასლაინები" და აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

"კოსტავა-შარტავა-სააკაძის მოედანზე რეკონსტრუქციის შედეგად სატრანსპორტო მოძრაობის კუთხით ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, შუქნიშნები განთავსდა. ამჟამად მიმდინარეობს ახალი ნაკადების დათვლა, უკვე დაწყებულია კოსტავა-შარტავას ქუჩების დახაზვითი პროცესი და ახლო მომავალში "ბასლაინიც" დაიხაზება", - განაცხადეს სამსახურში.

კიდევ ერთი საკითხი, აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნების სიმრავლეა, კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო მერიიდან შარტავას მიმართულებით, ბულაჩაურის გადასახვევამდე დამატებითი შუქნიშნის განთავსება, როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული შუქნიშნის ფუნქციაა ავტობუსისთვის პრიორიტეტის მიცემა. როგორც მერიაში ამბობენ, მოძრავ ავტობუსს ავტომობილებმა უნდა მისცენ პრიორიტეტი, რომ მან უსაფრთხოდ მოუხვიოს პარალელური ქუჩისკენ.

myquiz