სკოლებსა და სკოლების მიმდებარედ არასრულწლოვნების მიერ მარიხუანის მოხმარების ფაქტები დაფიქსირდა - ნათია მეზვრიშვილი | Allnews.Ge

სკოლებსა და სკოლების მიმდებარედ არასრულწლოვნების მიერ მარიხუანის მოხმარების ფაქტები დაფიქსირდა - ნათია მეზვრიშვილი

გარკვეული დღეების განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი მოზარდების მხრიდან მარიხუანას მოხმარების ფაქტების, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

"დიახ, ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. მე ვადასტურებ აქაც, გარეთაც და ყველა პლატფორმიდან და ყველა შეხვედრაზე. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას. ეს კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვნების თანდასწრებით, ვერავინ მოწევს მარიხუანას და თუ მოწევს, დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი. არ ვიცი, ახლა ჩვენ თუ იმაზე უნდა ვიკამათოთ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოწევა უნდა ისჯებოდეს, თუ არ უნდა ისჯებოდეს.

მათ შორის იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თქვენ მოგყავთ მაგალითად, რომლის პრაქტიკასაც თქვენ ძალიან ხშირად იშველიებთ, არც ერთ ევროპის ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანას მოხმარება დასაშვები არ არის. სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, რომ დაიცვას მართლწესრიგი და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და პირველ რიგში, ნარკოტიკული საშუალების გავრცელებას არ შეუწყოს ხელი და თუნდაც მარიხუანას გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ეს გახლავთ ამ კანონპრექტის მიზანი და ეს არის ამ კანონპროექტის მთავარი ამოსავალი.

არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი მოზარდების მხრიდან მარიხუანას მოხმარების ფაქტების. ახლა თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები და ყველას ყველგან შეუძლია მოიხმაროს და თუ იმაზე ვსაუბრობთ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომ არასრულწლოვნებისთვის ამ ნარკოტიკული საშუალების თუნდაც მარიხუანას ხელმისაწვდომობამ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ნუ მაშინ საერთოდ ამ დისკუსიას აზრი არ აქვს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე დისკუსია გაიმართა.

myquiz