სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება | Allnews.Ge

სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება

სამგორი-ლილოს, სამგორი -აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის ფარგლებში, 8 ახალი სადგური აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროს ეს ხაზი 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

"ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით თბილისის მერია განახორციელებს ახალ პროექტს, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება - თბილისში ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით და ასევე სამგორი-აეროპორტი, აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. დაახლოებით, 8 ახალი სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში, დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი, აქედან 30 მილიონამდე არის მხოლოდ მეტროს ვაგონების ღირებულება, დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პირველ ეტაპზე ამ მიმართულებით 6 სრულიად ახალი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავეს და მოცდის შუალედი პირველ ეტაპზე 10 წუთი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებში ჩვენ ვაგონების რაოდენობას გავზრდით და მოცდის დროს შევამცირებთ“, - განაცხადა კალაძემ.

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება

როგორც თბილისის მერმა "მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამგორი-ლილო, ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

მისივე თქმით, მერია ამ პროექტის მეორე ნაწილზეც მუშაობს, კერძოდ, ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირებაზე.

"დღეს წარმოვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის სიახლე ჩვენი ქალაქისთვის და დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობა იქნება კმაყოფილი ამ პროექტის განხორციელებით. მეტრო არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც ყველაზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ვიწყებთ 2019 წლიდან ახალ მიმართულებას, მიწისზედა მეტროს განვითარებას სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მოეწყობა 8 ახალი მეტროსადგური, ასევე სამგორიდან შესაძლებელი იქნება აეროპორტის მიმართულებით მგზავრობა. პირველ ეტაპზე 6-6 შემადგენლობა იქნება და მოცდის დრო დაახლოებით, 10 წუთი; თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში მოცდის დროს შევამცირებთ და მატარებლების რაოდენობას გავზრდით ამ მონაკვეთზე. 90 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. ვიწყებთ 2019 წლიდან და 2021-2022 წლისთვის იქნება მთლიანად დასრულებული. ასევე, ვმუშაობთ ამ პროექტის მეორე ნაწილზე, ვუკვეთავთ კვლევას, რუსთავის მიმართულებით რამდენად შესაძლებელი და სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ანუ მეტროთი რუსთავთან დაკავშირება. როდესაც გვექნება კვლევის შედეგები მივიღებთ გადაწყვეტილებას. კვლევას რამდენიმე თვე დასჭირდება", - განაცხადა კალაძემ.

myquiz