შეიცვალა თუ არა მაღაზიებში პოლიეთილენის პარკის სისქე? - რეპორტაჟი სავაჭრო ობიექტებიდან | Allnews.Ge

შეიცვალა თუ არა მაღაზიებში პოლიეთილენის პარკის სისქე? - რეპორტაჟი სავაჭრო ობიექტებიდან

არ ვიცი შვილო, მითხრეს, 15 მიკრონზე ნაკლები არ უნდა იყოსო, - მეუბნება თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ერთი პატარა მაღაზიის გამყიდველი და თან პოლიეთილენის პარკის შეფუთვას მიწვდის, რომელიც ჩემი მისვლის მომენტისთვის 2 ლარად და 40 თეთრად შეიძინა. როგორც შეფუთვაზე ვკითხულობ პოლიეთილენის პარკები 17-მიკრონიანია -"დაბალი წნევის პოლიეთილენი"- ვხედავ წარწერას.

პირველი ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია, იმპორტი და წარმოება აიკრძალა. უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

Allnews.ge დაინტერესდა მოახერხეს თუ არა ქსელურმა სუპერმარკეტებმა და შედარებით მცირე ზომის მაღაზიებმა რეგულაციის დაკმაყოფილება და როგორი პოლიეთილენის პარკებით ჩაანაცვლეს, ყველასთვის კარგად ცნობილი ერთჯერადი "ცელოფნები".

ამისთვის მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ და სურსათის სხვადასხვა მაღაზიას ვესტუმრეთ. ორ სუპერმარკეტში გვითხრეს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ პოლიეთილენის პარკები არ შეუცვლით და მომხმარებელს პროდუქციას ისევ იმავე პარკებში უფუთავენ. ორივე მათგანს ნიმუშისთვის პოლიეთილენის პარკები გამოვართვი და აღმოჩნდა, რომ ისინი გაცილებით სქელი იყო, ვიდრე ჩვენთვის ჩვეული ფერადი პოლიეთილენის პარკები. ორ სუპერმარკეტში კი მითხრეს, რომ ჯერ ბიოდეგრადირებადი 15 მიკრონზე მეტი პარკები არ შეუძენიათ, ამიტომ მომხმარებელს შეძენილ პროდუქციას დიდი პარკებით ატანენ, რომელიც როგორც წესი მაღაზიებში 10 თეთრი ღირს, თუმცა, ახლა მათ უფასოდ ძლევენ.

ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე პატარა ჯიხურის გამყიდველმა კი იმის ნიშნად, რომ უკვე მოახერხა და ძველი პოლიეთილენის პარკები ახლით ჩაანაცვლა, ერთი მეც გამომიწოდა, რომლის სისქეც 15 მიკრონი იყო, შესაბამისი წარწერა კი პოლიეთილენის პარკზევე განეთავსებინათ.

კიდევ ორ სურსათის პატარა მაღაზიაში 17-მიკრონიანი პარკების ახალი შეფუთვა მაჩვენეს და განმიმარტეს, რომ ახლა მომხმარებლებს ამ ცელოფნებს ატანენ. მაღაზიის თანამხშრომელთა განმარტებით, მომხმარებლებს ცვლილებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ, თუმცა, დარწმუნებულები არ არიან, რომ მათ ასეთივე მშვიდი რეაქცია ექნებათ, როდესაც ყველა სახის პლასტიკის პარკი აიკრძალება.

"გვითხრეს ქაღალდის შესაფუთები უნდა შემოვიდესო, მაგრამ მგონი ისინი ფასიანი იქნება, ან როგორ უნდა იხმაროს მიდველმა ის შესაფუთი, რომელსაც ყურები არ ექნება, მაგრამ ალბათ იმასაც შეეჩვევა",- მეუბნება ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი.

myquiz