ხვალიდან ტექდათვალიერების მომდევნო ეტაპი ამოქმედდება - რომელ მანქანებს შეეხება სავალდებულო ინსპექტირება? | Allnews.Ge

ხვალიდან ტექდათვალიერების მომდევნო ეტაპი ამოქმედდება - რომელ მანქანებს შეეხება სავალდებულო ინსპექტირება?

2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ტექინსპექტირებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთარებაში არსებული M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 1484. ცხელი ხაზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით. მაგალითად: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის, რომლის ძრავის მოცულობა შეადგენს 3000 კუბურ სანტიმეტრს ან მეტს და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/11/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2018 წლის 28 ნოემბრამდე (ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება დაჯარიმებას ადმინისტრაციული წესით).

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულოა რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ტექინსპექტირებისას მოწმდება:

· სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;

· სამუხრუჭო აღჭურვილობა;

· საჭით მართვის სისტემა;

· ხილვადობა;

· ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;

· ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;

· შასი და მისი შემადგენლები;

· სხვა მოწყობილობები;

· გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს) შეუძლია, დამოუკიდებლად აირჩიოს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

myquiz