უქმე დღეებში მუშაობა შესაძლოა, ორმაგად ანაზღაურდეს | Allnews.Ge

უქმე დღეებში მუშაობა შესაძლოა, ორმაგად ანაზღაურდეს

უქმე დღეებში მუშაობა, ორმაგად უნდა ანაზღაურდებოდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია.

წინადადებება, რომლის ავტორიც მოქალაქე მაკა მინდიაშვილია, "შრომის კოდექსში" გარკვეულ ჩასწორებებს გულისხმობს.

პროექტი კოდექსში რამდენიმე შესწორების შეტანას გულისხმობს. მათ შორის, ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს ორ კვირაში ერთხელ.

"ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს; ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება - ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით; დასაქმებულთან შესაძლებელია, მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 1 თვისა.

გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია, ხოლო ანაზღაურება ამ პერიოდში შეადგენს შესაბამის პოზიციაზე არსებული ანაზღაურების 80%-ს. არ დაიდება უვადო შრომითი ხელშეკრულებები - მინიმუმ 1 თვით, მაქსიმუმ 1 წლით უნდა დაიდოს ხელშეკრულება. 1 თვიანი შრომითი ხელშეკრულება ერთი და იმავე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეიძლება დაიდოს მხოლოდ ორჯერ",-აღნიშნულია წინადადებაში.

გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხელფასი კი საათში მინიმუმ - 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კომიტეტს დაევალა.

წყარო: BPN.GE

myquiz