ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა - იხილეთ უახლესი კვლევის შედეგები | Allnews.Ge

ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა - იხილეთ უახლესი კვლევის შედეგები

სამთავრობო სამოქმედო გეგმით ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ვალდებულებები სრულად ვერ პასუხობს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებს,- ამის შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც "ადამიანის უფლებათა სწალებისა და მონიტორინგის ცენტრმა" და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეიმუშავა და რომლის ერთი ნაწილიც ბავშვთა უფლებებს შეეხება.

ანგარიშის მიხედვით, სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო პრობლემის სისტემურ მოგვარებასთან, არ შესრულებულა".

"ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ბავშვთა უფლებების თავის შესრულების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამთავრობო სამოქმედო გეგმით ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ვალდებულებები სრულად ვერ პასუხობს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებს ან ნაწილობრივ პასუხობს მას.

გეგმაში არ გვხვდება ჩანაწერი ე.წ. ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში მცხოვრები არასრულწლოვნების, რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის, ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების შესახებ. გეგმით გათვალისწინებული ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო პრობლემის სისტემურ მოგვარებასთან, არ შესრულებულა. არ მომხდარა სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ დოკუმენტის მიღება, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესაბამისი განმარტების შემუშავება და საინფორმაციო სისტემის განვითარება, ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირებისა და პრევენციის მეთოდების შესწავლა მათი შემდგომი დანერგვის მიზნით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, "ხშირად გეგმით დასახული ამოცანა შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს ვერ ახდენს პრობლემის ფუნდამენტური გადაჭრის შესაძლებლობას".

"არსებითად არ გაუმჯობესებულა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, კვლავ აქტუალურია ბავშვთა სიკვდილიანობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება, განსაკუთრებით კი, სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

myquiz