სიახლე "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტებისთვის - ქვითრის მიღების ფორმა იცვლება | Allnews.Ge

სიახლე "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტებისთვის - ქვითრის მიღების ფორმა იცვლება

კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი" აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისიდან" გვაცნობეს. მათი ინფორმაციით, ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ყველა აბონენტს ექნება და გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული, "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-10 მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად, კომპანია ბეჭდური ქვითრების პარალელურად მუდმივად ახორციელებდა აბონენტების ინფორმირებას ტექსტური სატელეფონო შეტყობინების საშუალებით (სმს). "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბეჭდური ქვითრები სრულად ჩანაცვლდება ელექტრონულით. გადაწყვეტილება ძალაში 3 სექტემბრიდან შედის. ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა "ყაზტრანსგაზ - თბილისის" ყველა აბონენტს ექნება. ამისათვის საჭიროა აბონენტების წერილობითი თანხმობა.

პირველ ეტაპზე ელექტრონული ქვითრების მომსახურებით მხოლოდ ის აბონენტები ისრგებლებენ, ვინც მსგავს მომსახურებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებლები ქვითარს როგორც სმს-ით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. ამ ეტაპზე ელექტრონული ქვითრებით მათივე თანხმობით დედაქალაქში 100 000-მდე აბონენტი ისარგებლებს. კომპანია მსგავსი ფორმით მომსახურებაზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მადლობას უხდის ყველა იმ აბონენტს რომელმაც ელექტრონული ქვითრებით მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მსგავსი მომსახურებით ქაღალდის უდიდესი ეკონომია მოხდება და ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

myquiz