გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს | Allnews.Ge

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს. ფაქტის შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს, როდესაც სამსახურში მისულებს ბაღის ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საბავშვო ბაღიდან მოპარული არაფერი არ არის, თუმცა სრულად დაზიანებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია დამნაშავე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

შაშიანის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შესაძლოა, რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაღის მენეჯერმა განუცხადა.

"დაზიანებულია ყველა საჭირო ინვენტარი. საწოლები და ჭურჭელი დამტვრეულია. ჩვენი ვარაუდით, რამდენიმე ადამიანი იყო და ისინი ფანჯრიდან შემოვიდნენ. არასამუშაო დრო ალბათ სპეციალურად შეარჩიეს, რომ არავის დაენახა. ჯერჯერობით არ ვიცით ვინ გააკეთა. სრულად განადგურებულია მეთოდური მასალები, საზამთროა ნაჭამი სათამაშოებზე. ვფიქრობ, სასწავლო პროცესს რამდენიმე კვირის დაგვიანებით დავიწყებთ", - განაცხადა ნანა აბაშიძემ.

myquiz