მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 11 ქალის საქმეზე 28 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა | Allnews.Ge

მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 11 ქალის საქმეზე 28 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა

2015-2018 წლებში პროფესიული განვითარების საბჭომ 11 გარდაცვლილი მშობიარის საკითხი განიხილა, რის შედეგადაც პროფესიული პასუხისმგებლობა 28 ექიმს დაეკისრა, - შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოითხოვა.

იმ 28 ექიმიდან, რომელთაც პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, ნაწილს სახელმწიფომ წერილობითი გაფრთხილება მისცა, ნაწილს კი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება რამდენიმე თვით შეუჩერა.

უფრო კონკრეტულად, 2018 წელს 3 გარდაცვლილი მშობიარის საკითხის განხილვის შემდეგ, 7 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა და წერილობითი გაფრთხილება მიეცა. აქედან სამს ქუთაისში, ორ-ორს კი თბილისსა და რუსთავში.

რაც შეეხება 2017 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ ასევე 3 გარდაცვლილი მშობიარის საკითხი განიხილა და პროფესიული პასუხისმგებლობა 9 ექიმს დააკისრა, საიდანაც 4-ს სახელმწიო სერტიფიკატის მოქმედება რამდენიმე თვით შეუჩერდა, 5-ს კი პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. რეგიონების მიხედვით პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა ოზურგეთის რაიონში 3 ექიმს, თბილისში ერთს, ხოლო ბათუმში 5 ექიმს.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს საბჭომ 2 გარდაცვლილი მშობიარის საკითხი განიხილა და პროფესიული პასუხისმგებლობა 7 ექიმს დააკისრა. კერძოდ, 4 მათგანს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 3 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით შეუჩერდა. 3 ექიმი ქუთაისში, ხოლო 4 თბილისში არსებული კლინიკების თანამშრომლები იყვნენ.

2015 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ 3 გარდაცვლილი მშობიარის საკითხი განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, პასუხისმგებლობა 5 ექიმს დაეკისრა, აქედან 2-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 3-ს კი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 3 თვის ვადით შეუჩერდა. აღნიშნული ექიმებიდნ 3 ქუთაისში, 2 თბილისში და ამდენივე რუსთავში არსებული კლინიკების თანამშრომლები იყვნენ.

myquiz