როგორ აღმოჩნდნენ თბილისელი ახალგაზრდები ცხინვალის იზოლატორში | Allnews.Ge

როგორ აღმოჩნდნენ თბილისელი ახალგაზრდები ცხინვალის იზოლატორში

მცხეთის პოლიციაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გათავისუფლებული საქართველოს 5 მოქალაქე გამოკითხეს.

როგორც პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ვახტანგ გუბელაძემ განუცხადა, დაკავების შემდეგ რუსმა სამხედროებმა თავდაპირველად რუსულ სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, შემდეგ კი სამი დღე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ფიზიკურ ან სიტყვიერ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როგორც გათავისუფლებულები აცხადებენ, მათი დაკავება ყელიწადის ტბაზე მას შემდეგ მოხდა, რაც გზა აებნათ.

"გატაცებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ თვითონ გადავკვეთეთ ე.წ. საზღვარი, რის შემდეგაც აღმოვჩნდით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მოხდა ჩვენი დაკავება რუსი სამხედროების მიერ. გადაგვიყვანეს რუსების ბაზაზე, საიდანაც გადაგვცეს ცხინვალში, სადაც სამი დღე იზოლატორში გავატარეთ. ჩვენი ყველა ნივთი აღწერილი იყო და დაგვიბრუნეს, არაფერი დაგვკარგვია. არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მადლობა ქართულ მხარეს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს გათავისუფლებაში", - აცხადებს გუბელაძე.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, შალვა კერესელიძის თქმით, დღეს გათავისუფლებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

"შევხვდი თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს. ყველა არის კარგად, ომახიანად და შემართებით. ჯავის რაიონის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა მათი დაკავება. როგორც ამბობენ, აებნათ გზა და გადავიდნენ შემთხვევით", - განაცხადა კერესელიძემ.

myquiz