მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზებისთვის 19.7 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა | Allnews.Ge

მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზებისთვის 19.7 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოდერნიზებისთვის 19 702 831 ლარი დაიხარჯება. ტენდერში წინადადებების მიღება 4 სექტემბერს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება.

BPN.GE-ს ინფორმაციით, დოკუმენტაციის მიხედვით, სულ 14 ვაგონის მოდერნიზება მოხდება, მათ შორის 8 სათაო, 6 შუალედური ვაგონია. ვაგონების კაპიტალური შეკეთების მოდერნიზაციის მიზანია მგზავრებისათვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული სატრანსპორტო საშუალების შეთავაზება, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლება, საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება და სალოკომოტივო ბრიგადების სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

პროგრამა მოიცავს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ვაგონების ძირითადი ტექნიკური პარამეტრების აღდგენას და ამასთან ერთად მთელი რიგი კვანძების საფუძვლიან მოდერნიზაციას, რომელიც ტექნიკური დავალების მე-3 თავში გათვალისწინებული ტექნიკური სიახლეების დანერგვის გზით მიმართულია ვაგონების საიმედობის, დინამიური მაჩვენებლებისა და კომფორტულობის ასამაღლებლად.

ვაგონის სალონის მოდერნიზაცია შესრულდება თანამედროვე სტანდარტის, მაღალი ხარისხის, ძნელადწვადი და მხურვალმედეგი მასალებით. ვაგონები აღიჭურვება ვიდეო-კამერებით, მონიტორებით და USB პორტებით.

როგორც ცნობილია, მეტროს მოდერნიზება თბილისის მერიის სტრატეგიული მიმართულებაა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სექტემბრიდან მეტროში პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება, რის საშუალებასაც უკვე განხორციელებული ცვლილებები და მოდერნიზაციის პროცესი იძლევა.

myquiz