8 მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს თბილისის მერმა ისაუბრა | Allnews.Ge

8 მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს თბილისის მერმა ისაუბრა

დედაქალაქის მერიაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. მერმა კახა კალაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც Allnews.ge მოკლედ გთავაზობთ.

1. ახალი ავტობუსები

კალაძის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს ქალაქს 90 ერთეული "მანის" ტიპის ახალი ავტობუსი შეემატება.

"პარალელურად, მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეულ 8 მეტრიანი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვის პროცესი. როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ახალი ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი. არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი იქნება სრულად ჩანაცვლებული. გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით ჩვენ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო კვლევა და რამდენიმე თვეში ზუსტად გვეცოდინება არის თუ არა იმის საჭიროება, რომ კიდევ დავამატოთ ავტობუსები. საჭირო იქნება თუ არა 2020-2021 წლებში ავტობუსების დამატებით შემოყვანა იმისთვის, რომ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ამას კვლევა გვაჩვენებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

2. მოცდის დრო მეტროში

კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან მეტროში, პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება, რის საშუალებასაც უკვე განხორციელებული ცვლილებები და მოდერნიზაციის პროცესი იძლევა.

"15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მინდა, მეტროს თემას შევეხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს. ჩვენ მიმდინარე წელს დავამატეთ მეტროს ახალი შემადგენლობა, ასევე განვახორციელეთ ცალკეული ხაზების, მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადავამზადეთ მემანქანეები, ახალი ნაკადი მივიღეთ მემანქანეების, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატება და ყოველივე ამის შედეგად 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი მიმართულება არის ის, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება გავუკეთოთ, რომ მოცდის დრო 2 წუთამდე შევამციროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

3. ტაქსების ლიცენზირება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ. 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება, ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

"21 აგვისტოდან იუსტიციის სახლში დაიწყო ნებართვების გაცემა. იქ არის სპეციალურად გამოყოფილი ერთი ადგილი, სადაც მისულ ადამიანებს მოემსახურებიან იუსტიციის სახლის თანამშრომლები. დღეის მდგომარეობით, 500-მდე ნებართვა არის გაცემული და მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1-ელი ოქტომბრიდან უკვე ლიცენზიის გარეშე ამ სერვისის გაწევა იქნება შეუძლებელი. თუ დაფიქსირდება შემთხვევები, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმები", - განაცხადა კალაძემ.

4. ვარაზისხევი

ვარაზისხევზე არსებული ქვაფენილი შესაძლოა, ასფალტით შეიცვალოს. როგორც კალაძემ განაცხადა, თუ მოსახლეობა დაეთანხმება აღნიშნულ წინადადებას, მაშინ ასფალტი დაიგება.

კალაძის თქმით, ქვაფენილი საკმაოდ ხმაურიანი და პრობლემურია, ამიტომ, მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ მცირე გამოკითხვა ჩაატარონ, არის თუ არა მოსახლეობა თანახმა ქვაფენილი შეიცვალოს.

5. საფეხმავლო ხიდები

კალაძის თქმით, ქალაქში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ცუდია, ამიტომ ამასთან დაკავშირებული პროექტი ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ხიდზე ასვლა-ჩამოსვლა კომფორტული იყოს და ამასთან, კარგი ვიზუალიც ჰქონდეს.

"საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ძალიან ცუდია და აქაც ჩავრთოთ არქიტექტორები, ვისაც სურვილი აქვს, რომ იქნებ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზიც იქნება და ასვლა-ჩამოსვლაც - მოსახერხებელი. დღეის მდგომარეობით ასევე, შშმ პირებისთვისაც შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ გავალებთ, რომ ძალიან მალე იქნას შემუშავებული კონცეფცია, გეგმა, ეს ხიდები როგორი უნდა იყოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ გამოიყურება ლითონის გადასასვლელი ხიდები თბილისში? - იხილეთ კადრები

6. სარეკლამო აბრები

კალაძის თქმით, სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მან  თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს აღნიშნულ საკითხზე ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დაავალა.

"მინდა სარეკლამო აბრების საკითხს შევეხო, განსაკუთრებით კახეთის გზატკეცილზე. მე მგონია, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მხედველობაში მაქვს ისეთი სარეკლამო აბრები, რომლებიც მაგალითად გადასასვლელი ხიდების მსგავს კონსტრუქციებზეა მოწყობილი და გზის მთლიან სიგრძეზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე,"- განაცხადა კახა კალაძემ.

7. კახეთის გზატკეცილი

კახა კალაძის განცხადებით, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. იგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სათადარიგო გზები კეთდება, მოგვიანებით კი, რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყება, რაც ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კალაძის თქმით, აღნიშნული მაგისტრალი უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ამ გზის გავლა უწევს თბილისში ჩამოსულ ნებისმიერ უცხოელ სტუმარს.

8. გარევაჭრობა

კალაძის თქმით, გარევაჭრობის საკითხები უნდა მოწესრიგდეს და მისთვის სასიხარულო იქნება, თუ გარევაჭრობით დაკავებული პირები არ დაჯარიმდებიან.

"გასულ კვირას ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგად ელიავას მიმდებარე ქუჩები მოწესრიგდა და სამშენებლო მასალებისგან და საბურავებისგან განთავისუფლდა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა როგორც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე გადაადგილებისა და ვიზუალური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მოწესრიგდა, ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და სხვა რაიონებში ბაზრებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე ანალოგიურად უნდა იქნას მოწესრიგებული გარევაჭრობის საკითხები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოვიდეს წესრიგსა და კანონდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორც კი დავალება იქნა მიცემული, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა მოაწესრიგა 30-მდე ქუჩა და აღიკვეთა ისეთი დარღვევები, როგორიც ფიქსირდებოდა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე. გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მაქსიმალურად, რაც კანონით გათვალისწინებულია, მოწესრიგებული იყოს და ძალიან გამიხარდება თუ ჩვენ ადამიანების დაჯარიმება არ მოგვიწევს.

ასევე მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი ბიზნესი ქალაქის იერსახის ხარჯზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, სხვა ადამიანებისთვის, ვინც ირგვლივ ცხოვრობს, ვინც ფეხით გადაადგილდება. ასე, რომ ყველას ინტერესი უნდა იქნეს გათვალისწინებული და დაცული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ტიპის კანონიერ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა კანონის ფარგლებში და სხვისი უფლებებისა და სიკეთეების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი", - განაცხადა კახა კალაძემ.

myquiz