გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ | Allnews.Ge

გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტს ხვალ დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

"ინტერპრესნიუსი" ესაუბრა მსჯავრდებული დეკანოზის ერთ-ერთ ადვოკატ დავით ჯანდიერს, რომელიც საქმეში ახლახან ჩაერთო.

დავით ჯანდიერი სხვა ადვოკატებთან - მიხეილ რამიშვილთან, მია ზოიძესა და გიორგი ფანცულაიასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში აღნიშნული საქმის წარმოებას უხელმძღვანელებს.

როგორც დავით ჯანდიერი აცხადებს, ე.წ. "ციანიდის" საქმესთან დაკავშირებით, რომელიც თავიდანვე წარმოადგენდა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს, არაერთი აქტორის მიერ აღინიშნა, რომ არსებობდა კითხვის ნიშნები, რომლებსაც გამოძიებამ და სასამართლომ პასუხი ვერ გასცა.

"მას შემდეგ, რაც ამ საქმემ სამივე ინსტანცია განვლო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულა", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

აღნიშნულის დასტურად კი მას მოჰყავს დარღვევების ვრცელი ჩამონათვალი, რომლებზეც გამახვილებულია ყურადღება საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

დავით ჯანდიერის განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმე, როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლო განხილვების ეტაპზე წარიმართა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი და უხეში დარღვევებით, ხოლო გამოტანილი განაჩენები არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და უპირველესად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.

"გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, შეწყალება ეხება მხოლოდ თხოვნას მისი გათავისუფლების შესახებ, დავა კი გაგრძელდება და გადაინაცვლებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში," - აცხადებს დავით ჯანდიერი.

განცხადებაში, რომლითაც ადვოკატები პრეზიდენტს ხვალ მიმართავენ, საქმის სასამართლო განხილვებთან დაკავშირებულ დარღვევებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია მსჯავრდებულის პიროვნებაზე, მის მიერ გავლილ გზაზე, რაც განცხადების ავტორთა აზრით, მისცემს საფუძველს და რწმენას პრეზიდენტს, თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე.

"ბატონო პრეზიდენტო, მოცემულ ვითარებაში, მხოლოდ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გაათავისუფლოთ უკანონო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული, რომლის საკანში ყოფნის თითოეული დღე, თითოეული საათი და წუთი ჩვენი ღრმა რწმენით, ქართული დემოკრატიისთვის დარტყმას წარმოადგენს. ასეთივე განწყობაა ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სხვაგვარად ვერც იქნება, ვინაიდან გიორგი მამალაძე დღეს სამართლის უზენაესობის პრინციპების საპირისპიროდ იხდის სასჯელს - იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ხოლო თქვენ იამაყებთ იმით, რომ უსამართლოდ დაჩაგრული და გაწირული საქართველოს მოქალაქე შეიწყალეთ, განარიდეთ რა უსამართლო სასჯელს," - აღნიშნულია განცხადებაში.

დავით ჯანდიერი მსჯავრდებული დეკანოზის ინტერესების დამცველად საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 1-ელი აგვისტოს განჩინებით ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მოცემულ საქმეზე, რომლითაც გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

myquiz