ბავშვები ქუჩაში - როგორ ხვდებიან არასრულწლოვნები ქუჩაში? | Allnews.Ge

ბავშვები ქუჩაში - როგორ ხვდებიან არასრულწლოვნები ქუჩაში?

სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს, - ნათქვამია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ "გაეროს ბავშვთა ფონდის" მიერ წარმოდგენილ კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს ჩატარდა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახის მიგრაცია ხდება, სადაც ისინი ქუჩის ცხოვრებას ეწევიან.

კვლევაში განმარტებულია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანში განსხვავებული სოციალური დახმარების პროგრამებია, სამართლებრივი ჩარჩოებისა და აზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურების გამო, ხდება ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახის საქართველოში მიგრაცია, სადაც ისინი ქუჩის ცხოვრებას ეწევიან.

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ უფროსი ბავშვები უმცროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 14 წელი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ფარად იყენებენ, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ.

“გაეროს ბავშვთა ფონდის” სოციალური კეთიდღეობის პროგრამების ხელმძღვანელის, ქეთევან მელიქაძის თქმით, ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის მიზეზი მრავალფეროვანია, რასაც კვლევაც ადასტურებს.

როგორც ქეთევან მელიქიძემ განმარტა, ამ მიზეზების გამო ქუჩაში მცხოვრები ძირითადად, სამი კატეგორიის ბავშვი გამოიკვეთა.
"ქუჩაში ისინი სხვადასხვანაირად იქცევიან, ზოგიერთი ბავშვი ქმნის ძალიან მტკიცე დაჯგუფებებს, რომლებსაც იერარქიული სტრუქტურა აქვთ. გამოიკვეთა ის, რომ ბავშვებში ძალიან მკაცრი ურთიერთობის წესებია, ჯგუფის წევრებად გახდომის სხვადასხვა რიტუალი არსებობს და აქ ბავშვებს შორის არის როგორც ურთიერთდახმარება, ასევე ერთმანეთის გამოყენება, მათ შორის ზოგჯერ ძალადობა. ძალადობრივი პრაქტიკა აქაც მიღებულია და მათ შორის 14 წლამდე ბავშვებზე, რაზეც აქამდეც იყო საუბარი და უკვე ჩვენი ყველას მხედველობის ცენტრში არის 14 წლამდე ბავშვების სხვადასხვა არალეგალური საქმიანობის განსახორციელებლად გამოყენება. გარდა ამისა, არიან ბავშვები, რომლებიც ღამით სახლში ბრუნდებიან. ესენი არიან უკიდურესად ღარიბი ოჯახებიდან და გარდა ამისა, არიან მიგრანტი ოჯახები, რომელთა ბავშვები და უფროსები ქუჩაში ერთად ცხოვრობენ, მუშაობენ და მოწყალებას ითხოვენ - აქ აზერბაიჯანიდან მიგრირებული ოჯახების დიდი ჯგუფია, რომლებიც კანონიერად კვეთენ საზღვარს, მუშაობენ, მოწყალებას ითხოვენ და უკან ბრუნდებიან",- განმარტა მან.

რაც შეეხება ბავშვის უფლებების დარღვევებს, ქეთევან მელიქაძის თქმით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები იზრდებიან როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად ძალადობრივ გარემოში.

"გვხვდება სხვადახვა სახის ძალადობა როგორც უფროსების, ისე აღმზრდელებისა და თანატოლების მხრიდან. აღინიშნება განათლების ხელმისაწვდომობასთან შეზღუდვა, თითქმის არც ერთი ბავშვი, რომელიც ჩვენ ქუჩაში ვიპოვეთ, სკოლაში არ დადის და კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის სიმცირე, ჯანდაცვაზე მათ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიუწვდებათ ხელი", - აღნიშნა "გაეროს ბავშვთა ფონდის" წარმომადგენელმა.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის დეფიციტსა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე პრეზენტაციის მიმდინარეობისას კომენტარი სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე ქუჩაში მყოფი 1400-მდე ბავშვის იდენტიფიცირება მოხდა.

"2007-2008 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა არსებობდა და მაშინ ასეთი 1600-მდე ბავშვი იყო. გარდა ამ კვლევისა, იუსტიციის სამინისტროს გრანტის ფარგლებში 2015 წელს ერთი კვლევა დაფინანსდა. ორივე კვლევა ამბობს, რომ საშუალოდ ბავშვების რაოდენობა შეიძლება იყოს 1800. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არის პრობლემა, თუმცა ადრე უფრო მეტი პრობლემა იყო. 2016 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, როდესაც მიუსაფარი ბავშვების ძალიან დიდ კატეგორიას არ ჰქონდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის სრულ პაკეტს ვერ იღებდნენ.

აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მიეცა უფლება, მიემართა იუსიტიციის სამინისტროსთვის და ამ ბავშვებისათვის ჩვენ დღეს ვამზადებთ დროებით საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, რომელიც მათ ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვას უზრუნველყოფს. თუმცა, ამ რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ პრევენციის გაძლიერება, რაც არამხოლოდ რეაგირებას, არამედ ბავშვების რისკ-ჯგუფების ადრეულ იდენტიფიცირებას გულისხმობს. მნიშველოვანი რეკომენდაცია იყო სკრინინგ ინსტრუმენტის შექმნა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ჩვენთვის, რათა დროულად აღმოვაჩინოთ რისკ-ჯგუფების ბავშვები. ეს არის საკითხი, რაზეც უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას გააგრძელებს", - აღნიშნა მან.

"გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა" მოიცავს რეკომენდაციებსაც. კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ბავშვის ქუჩაში მოხვედრის პრევენციის მიზნით ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნა.

"ასევე აუცილებელია, არსებული მომსახურებების გეოგრაფიული არეალის გაზრდა და ახალი სერვისების შექმნა აჭარაში იმის გამო, რომ ზაფხულში ტურისტული სეზონის დროს ხშირია აზერბაიჯანული და სხვა ქუჩის მობილური ოჯახების მიგრაცია საქართველოს ზღვისპირა კურორტებისკენ. სპეციფიკური ღონისძიებების უნდა გატარდეს მიგრანტი ბავშვების და მათი ოჯახების დახმარებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირებისთვის",- ნათქვამია კვლევაში.

myquiz