ზურაბ ჯაფარიძემ ზოოპარკიდან სირაქლემა მოითხოვა | Allnews.Ge

ზურაბ ჯაფარიძემ ზოოპარკიდან სირაქლემა მოითხოვა

13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" დედალი სირაქლემას მიყვანას გეგმავს. სირაქლემის ნახევარი დღით წაყვანის თხოვნით პოლიტიკურმა პარტიამ ზოოპარკს წერილით დღეს მიმართა.

"გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, სირაქლემის საქალაქო სასამართლო ეზოში მიყვანა, რუსთაველის გამზირზე 12 მაისის ღამის ინციდენტთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს უკავშირდება, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ დააკავა. "გირჩის" ლიდერის თქმით, სასამართლო "თავჩარგული სირაქლემას პოზიციაში იმყოფება".

"13 ივლისს არის ჩემი სასამართლო პროცესი. ეხება 12 მაისის ღამის ინციდენტს, როდესაც რუსთაველის გამზირზე პოლიციამ გამიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთა. ამ პროცესის გაგრძელებაა და იგივე ხდება ამ პროცესებზე, როდესაც დააკავეს და ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ვახო მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, მე დამაკირსეს 2000-ლარიანი ჯარიმა. პოლიციას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულებები და ერთადერთი საფუძველი, რის გამოც სასამართლომ მაშინ გადაწყვეტილება გამოიტანა, არის პოლიციელების ცრუ ჩვენებები.

პოლიციელები რეგულარულად არღვევენ სისხლის სამართლის კოდექსს და ახლა გვაქვს მოლოდინი, რომ ამ სასამართლო პროცესზეც ზუსტად იგივე ხდება. მიგვაჩნია, რომ რეალურად ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, იგი იმყოფება ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას პოზიციაში, რომელიც უარს ამბობს იმ რეალობის ანუ უსამართლობის დანახვაზე, რომელიც გარშემო ხდება. ამიტომ 13 ივლისს სიმბოლურად გვინდა, სასამართლოს ეზოში გავასეირნოთ დედალი სირაქლემა და ვთხოვეთ ზოოპარკს, ერთი დღით თუ გვათხოვებენ, ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ტრანსპორტირების, უსაფრთხოების საკითხებს და დავუბრუნებთ დღის ბოლოს" - განმარტა ზურაბ ჯაფარიძემ AMBEBIGE-სთან საუბარში.

როგორც თბილისის ზოოპარკში განმარტავენ, ისინი სირაქლემას საერთოდ არ ფლობენ და ზოგადად, როდესაც ცხოველები და ფრინველები ადამიანებთან კონტაქტს მიჩვეულები არ არიან, ტერიტორიიდან გაყვანასაც ერიდებიან ხოლმე.

"სირაქლემა არ გვყავს და რაღაც ღონისძიებებისთვის როცა სჭირდებათ ხოლმე ცხოველები, თუ ცხოველი არ არის ხელზე მიჩვეული და მოშინაურებული, მაშინ მისი გადაყვანა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არის პრობლემა, რადგან ხელზე მიჩვეული რომ არ არის, უნდა დაიჭირო, ჩასვა კონტეინერში, ეს ნებისმიერ ცხოველსა და ფრინველს ეხება" - განმარტა ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელსაც სირაქლემის გადაცემასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხის გაცემა ჯერჯერობით უჭირს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკში სირაქლემის არარსებობის შესახებ აცხადებენ, ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სირაქლემისმაგვარი ფრინველი ჰყავთ, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელებში მან თავად გამოაქვეყნა.

"ახლა ვიყავი და ფოტოებიც მაქვს გადაღებული. ისინი მაგას სირაქლემას არ ეძახიან და ჩვენთვის ეგ სირაქლემაც საკმარისია. რაღაც სახეობრივ ნიუანსებში შედიან, ეს არ არის ის, რომელიც აფრიკაში დარბისო და არა უშავს, გვათხოვონ ის, რაც ავსტრალიაში დარბის და ნებისმიერ შემთხვევაში, სიმბოლურად გამოდგება" - აღნიშნა "გირჩის" ლიდერმა.

მისივე თქმით, რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც დედალი სირაქლემის თხოვნა, ამას საზოგადოება 13 ივლისს გაიგებს, იმ შემთხვევაში, თუ სირაქლემის საქალაქო სასამართოს ეზოში შეყვანის უფლებას დართავენ.

myquiz