თბილისის გენგეგმა ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა - რას ითვალისწინებს განახლებული დოკუმენტი | Allnews.Ge

თბილისის გენგეგმა ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა - რას ითვალისწინებს განახლებული დოკუმენტი

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დედაქალაქის მერიასა და "სითი ინსტიტუტს" შორის შეთანხმებული დოკუმენტი მზად არის საკრებულოში გადასაგზავნად.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის მერიისთვის და მთლიანად თბილისისთვის. ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და "სითი ინსტიტუტმა" დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად, რისთვისაც, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო კვირების და თვეების მანძილზე ენერგიას არ იშურებდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებისთვის და 24-საათიან რეჟიმში უწევდა მუშაობა", - განაცხდა კალაძემ.

მისი თქმით, დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია - თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, სრულად იქნა გაზიარებული.

"მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის დადებითი იყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით. ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი. თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით "სითი ინსტიტუტის", თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი.

დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები, დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის (ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა)", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, წარმოდგენილ გენგეგმაში გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (ლისის ტბა, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.). კალაძის თქმით, ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

"ამ დოკუმენტში არის პასუხი, ჩვენი ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე. რა თქმა უნდა, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის "სითი ინსტიტუტთან" თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია. ამ გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომ არის მიახლოებული სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და არის მორგებული რეალობას. ჩვენ ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს, არის ის კარკასი, ის საბაზო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიასთან ერთად საქმიანობას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

"გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ჩვენთან ერთად სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს, შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე მიღებული იქნება შესაბამისი რეგულაციები, რაც ამ გეგმას შეესაბამება. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 1-ელი იანვრიდან, ახალი გენერალური გეგმა ამოქმედდება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება შენიშვნებს, რომელიც მერიას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ჰქონდა, თბილისის მერის განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მიღწევაა.

"სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არის მიღწევა. "სითი ინსტიტუტს წარმოდგენილი ჰქონდა რკინიგზის გადატანის წინადადება და ამ ადგილზე შესაძლებელი იყო ავტომაგისტრალის მშენებლობა. როცა ჩვენ მოვითხოვეთ, თუ რის საფუძველზე იყო ეს წინადადება წარმოდგენილი და ჩატარებული იყო თუ არა კვლევა, მათ ეს ვერ წარმოადგინეს. ჩვენ გვქონდა შენიშვნა, რომ კვლევა ჩატარებულიყო და შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილება. "სითი ინსტიტუტი" ამაზე დაგვთანხმდა", - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ქაოტური განაშენიანება შეჩერდება. როგორც მაია ბითაძემ განმარტა, გენერალური გეგმის ავტორებთან და სპეციალისტებთან ერთად გამოვლენილია 11 ლოკაცია, სადაც ქაოტური განაშენიანების პრობლემა იკვეთება.

"აუცილებლად შეჩერდება ქაოტური განაშენიანება, თუმცა ამაში არ იგულისხმება ის, რომ შევაჩერებთ მთლიანად ბიზნეს პროცესებს. რა თქმა უნდა, ადამიანებს საქმიანობას არ შევუზღუდავთ. მშენებლობები განვითარდება ჩარჩო გეგმის კონცეფციის ფარგლებში. შერჩეული იქნა 11 ლოკაცია, რომელიც არის სენსიტიური ამ მიმართულებით. მაგალითისთვის ავიღოთ დიღომი, ვერავინ გაიგო იქ მაღალი კორპუსები უნდა იყოს თუ დაბალი. მსგავსი ვითარება გვაქვს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ამ ლოკაციებში შედის ლისი, ასევე ე.წ. დიღმის ჭალების და სხვა ტერიტორიები", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ბითაძის განმარტებით, ვერეს ხეობასთან დაკავშირებით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა.

"გენერალურ გეგმაში ვერეს ხეობასთან დაკავშირებით გაჩნდა სპეციალური ჩანაწერი. ვერეს ხეობას აქვს ორი ფენა, ერთი, ეს არის რეკრეაციული ზონა, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიის ერთ ნაწილზე ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს ლანდშაფტური განაშენიანება.

გენგემაში არსებული ჩანაწერის მეორე ნაწილი ჰიდროლოგიური დატბორვის არეალებს უკავშირდება, კეთდება ცხაური თამარაშვილის მეორე მხარეს, სადაც ვერეს ხეობა თბილისის განაშენიანებულ ტერიტორიას უერთდება. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ოკეანის ქვეშ აკეთებენ გვირაბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი საინჟინრო გეოლოგიური გადაწყვეტა ყოველთვის არსებობს. ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ და თითოეული ტერიტორიის განაშენიანება უნდა მოხდეს სწორი საინჟინრო გადაწყვეტილების და ზონების აქტიური ცვლილებების მოთხოვნების გარეშე, - განაცხადა მაია ბითაძემ.

myquiz