კახა კალაძე - ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ბაღებში ნაცნობობით ბავშვების დარეგისტრირება | Allnews.Ge

კახა კალაძე - ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ბაღებში ნაცნობობით ბავშვების დარეგისტრირება

ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა, თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბაღებში რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მიმართა.

"ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა, თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კარეგორიულად მიუღებელია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხალხს მისი იმედი აქვს და საზოგადოების ამ დამოკიდებულებას არ უღალატებს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველა ბავშვის უფლებებისთვის ერთნაირად იბრძოლებს.

"როცა არის 300 - ადგილიანი ბაღი, იქ 500 ბავშვს ვერ მივიღებთ" - კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღებში რეგისტრაციაზე საუბრობს

"არსებობს რაღაც პრინციპები. მე ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. შესაბამისად, არავის მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მინისტრი ან სხვა თანამდებობის პირი ნაცნობი არ ჰყავს. ყველა ბავშვი - ჩემი თუ სხვისი - არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ადამინებს ჩემი იმედი აქვთ და საზოგადოების ჩემდამი ამ დამოკიდებულებას ძალიან ვუფრთხილდები. ამიტომ არავინ გაბედოს რაიმე ნაბიჯის არასწორად გადადგმა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს 12 საათზე დაიწყება.

myquiz