თბილისში 3 ახალი პარკი მოეწყობა, ხოლო კიდევ ორ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება | Allnews.Ge

თბილისში 3 ახალი პარკი მოეწყობა, ხოლო კიდევ ორ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერია ორი დიდი პარკის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც მერის მოადილემ, მაია ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარკების განახლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

"მიმდინარე წელს იწყება ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია იწყება - ე.წ. წურწუმიას პარკის, რომელიც მოძველებული და ამორტიზებული იყო და ასევე იწყება "წითელი პარკის", გოძიაშვილის პარკის სრული რეაბილიტაცია. ორივე შემთხვევაში წარმოდგენილია ძალიან კარგი პროექტები და ვფიქრობთ, თბილისელებს ამ ორი დიდი, განახლებული პარკით სარგებლობის საშუალება წლის ბოლოდან ექნებათ.

რაც შეეხება სხვა დიდი პარკების პროექტების მომზადებას, მუშაობას უკვე დავიწყებთ და მომავალი წლიდან მშენებლობის პროცესიც დაიწყება",- განაცხადა მაია ბითაძემ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახალი პარკის მშენებლობა იწყება, რომელიც 3 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს.

"ზოგადად, მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში უმნიშვენლოვანესია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან რაღაც მიმართულებით მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება, თითოეული ჩვენი მოქალაქის, მომავალი თაობის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისში კიდევ ორი ახალი საქალაქო პარკი მოეწყობა, კალაძის თქმით, ამ ეტაპზე პარკების მოსაწყობად ორი კონკრეტული ადგილის შესწავლა მიმდინარეობს - ე.წ. დიღმის ჭალებში და თემქის ხევის.

"დღეს მინდა წარმოვადგინო ორი ძალიან საინტერესო პროექტი. ჩვენ გვინდა, რომ ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით ვიწყებთ ორი ადგილის კვლევას - ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორიის, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან მნშვნელოვანი პროექტის განხორციელება შეიძლება და მეორე ტერიტორია, ეს არის თემქის ხევი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით, 80 ათასი მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და დიდი პოტენციალი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებას იწყებს, მათ შორის თემქის ხევში, მდინარის მონაკვეთის გახსნის მიმართულებით. მე მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია საქალაქო პარკი განვათავსოთ“, - განაცხადა კალაძემ და მის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, რომ წარდგენილი იქნას უკვე არსებული დიდი პარკების სარეაბილიტაციო გეგმები.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პარკების კულტურა დავაბრუნოთ და ადამიანებს შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ პარკებში შესვლა იყოს სასიამოვნო. უკვე საზოგადოებაც ითხოვს ამას და ჩვენი მხრიდან სჭირდება მოწესრიგება იმ ინფრასტრუქტურას, რაც გაგვაჩნია და რაც არ არის, ახლის შექმნა. ეს ორი პროექტი, რომელიც წარმოვადგინეთ, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა თბილისის მერმა.

myquiz