საქართველოში ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს | Allnews.Ge

საქართველოში ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

"ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში", - ამის შესახებ ლეილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა. "ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება, როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად, უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზეუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს", - აღნიშნა მან.

კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელია.

"შეფასების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15,8%, მოსახლეობის 17,5%, ბავშვების 22,1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს", - განმარტებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ხოლო ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით. გარდა ამისა, ღარიბი მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო პროგრამაში.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. 2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები.

myquiz