რუსთაველზე აქცია დღეს 14:00 საათზე განახლდება | Allnews.Ge

რუსთაველზე აქცია დღეს 14:00 საათზე განახლდება

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც გული შესტკივა დაღუპული შვილების მშობლებზე, ველოდები რუსთაველზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის არ აპირებს უკან დახევას, ვიდრე მისი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ზაზა სარალიძე ასევე გამოეხმაურა ზვიად კუპრავას დაკავებას და აღნიშნა, რომ ამ დრომდე ცდილობს სახალხო დამცველს დაუკავშირდეს, თუმცა ჯერ ეს ვერ მოახერხა.

მისი თქმით, ის კვლავ მოუწოდებს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს, გამოვიდნენ აქციაზე და სოლიდარობა გამოუცხადონ არა მხოლოდ მას, არამედ ყველა შვილმკვდარ მშობელს.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ სპეციალურად შემოსაზღვრულ პერიმეტრზე სამი კარავი კვლავ გაშლილია. აღნიშნული ტერიტორია სამართალდამცავებს რკინის ჯებირით აქვთ შემოსაზღვრული, რომელსაც პოლიციის წარმომადგენლები იცავენ. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს.

ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას ითხოვს. გუშინ მის მოთხოვნებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა დაემატა.

myquiz