შსს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

შსს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 10 ივნისს, 16:00 საათზე დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის, როგორც დემოკრატიული პროცესის მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს და მძღოლებს აცნობებს, რომ აქციასთან დაკავშირებით 16:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება, მძღოლებს რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ მოძრაობა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქთან დამაკავშირებელ საქალაქათაშორისო გზატკეცილებზე ავტომობილთა გადაადგილება არის შეუფერხებელი და მოძრაობა თავისუფალია. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქსა და რეგიონებში გზებზე მოძრაობის არსებული მდგომარეობის ნებისმიერ ცვლილებასთან ან შეფერხებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია ერთი საათით გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი რეგიონებიდან დაძრული კოლონების დაგვიანებაა.

როგორც აქციის ორგანიზატორთა ნაწილმა განაცხადა, აქციაზე სულ მცირე 25 000 ადამიანს ელოდებიან, რომელთა უმეტესობაც სწორედ რეგიონებიდანაა და ამის გამო მიიღეს აქციის ერთი საათით გადადების გადაწყვეტილება.

აღნიშნულის მიუხედავად, პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება პარლამენტის ეზოში, ჩიტაძის ქუჩაზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

myquiz