მირზა სუბელიანი დააკავეს | Allnews.Ge

მირზა სუბელიანი დააკავეს

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დააკავეს. მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამოკითხვაზე დილიდან იმყოფებოდა. მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების კითხვებს უკვე მესამედ პასუხობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მირზა სუბელიანი დაკავებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

"რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შეეფარდა.

myquiz