"ნივთმტკიცებები არ არსებობს, ვის ატყუებენ" - ზაზა სარალიძის მოთხოვნები უცვლელია | Allnews.Ge

"ნივთმტკიცებები არ არსებობს, ვის ატყუებენ" - ზაზა სარალიძის მოთხოვნები უცვლელია

ხელისუფლებამ უკვე გადადგა უმეცარი ნაბიჯი, როდესაც შსს-ს გადასცა ეს საქმე. რა ძიებაზეა საუბარი?! – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მას არ აქვს ხელისუფლების იმედი და არ სჯერა, რომ გამოძიება სწორად წარიმართება.

ზაზა სარალიძე კვლავ მოითხოვს, დაუყოვნებლივ დააკავონ ყველა პირი, რომელთა შესახებაც ის მანამდე საუბრობდა, რაც იქნება ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი.

"ხელისუფლებამ უკვე გადადგა უმეცარი ნაბიჯი, როდესაც შსს-ს გადასცა ეს საქმე. რა ძიებაზეა საუბარი?! მოწმეები, ნივთმტკიცებები არ არსებობს, ვის ატყუებენ. მე მატყუებენ თუ თავის თავს ატყუებენ. მოწმე დაშინებულია, მშობლები დააშინეს, შვილებს მოგიკლავთ, თუ თქვენი შვილები სიმართლეს ილაპარაკებენო. ვინმე გადადგამს ამ ნაბიჯს? თუ ნივთმტკიცებები აღარ არის, რა უნდა გამოიძიონ? ეს იყო უმეცარი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რომ თითქოს ილუზია შეიქმნეს, მე დავთანხმდებოდი ამას. არავითარ შემთხვევაში. დაუყოვნებლივ იქნეს დაკავებული ყველა ის პირი, რომელთა შესახებაც აქამდე ვსაუბრობდი. ეს იქნება მათი სწორი ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა დაემხობა და სისტემის მფარველი მთავრობა. მანამდე ვიქნები აქ, სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება, თუმცა მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული.

"მივმართავ სრულიად საქართველოს, განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტეს. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.

ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას. მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი, გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი", - წერს ზაზა სარალიძე "ფეისბუქში" გავრცელებულ მიმართავაში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გუშინ დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

myquiz