IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება | Allnews.Ge

IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება

ცენტრალურ დონეზე ინსტიტუტების მუშაობით კმაყოფილება მცირდება; ადგილობრივ დონეზე კი - იზრდება, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრიდან გვაცნობეს, მათ მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, მათივე ცნობით, კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ.

"არც ისე დიდი ხნის წინ, ქართული პოლიცია აღიქმებოდა კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითად. თუმცა, უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის კლება, რაც ყურადსაღებია და სავარაუდოდ, დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმასთან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციისა და კრიმინალის დონე გაიზარდა",- განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა 50 პროცენტს შეადგენს, როდესაც 2013 წლის მაისის კვლევაში ეს მონაცემი 88 პროცენტი იყო. ამავე პერიოდის შედარებითი ანალიზით, საზოგადოების ნდობა დაეცა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის (შემცირდა 45 პროცენტით), პარლამენტის (შემცირდა 47 პროცენტით), პროკურატურისა (შემცირდა 24 პროცენტით) და სასამართლოს (შემცირდა 30 პროცენტით) მიმართ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის საპირწონედ, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიმართ ნდობა, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით 27 პროცენტიდან, დღეს უკვე 43 პროცენტამდე გაიზარდა. ორი რეგიონი, სადაც მათ მიმართ ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, სამცხე-ჯავახეთი (60 პროცენტი) და აჭარა (59 პროცენტი), ასევე დასახელდა ყველაზე გამჭვირვალე და ღია რეგიონებად.

"ადგილობრივი ხელისუფლების შეფასების გაუმჯობესებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ მათი მოქალაქეებთან ურთიერთობისკენ მიმართული ძალისხმევა შედეგიანია", - აცხადებს ნიქსი.

მისივე თქმით, "განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ეს მაჩვენებელი გამოკვეთილია ისეთ რეგიონებში, სადაც ვხვდებით უმცირესობების ფართო დასახლებებს, რომელთა მარგინალიზაციაც წარსულში ხდებოდა".

კვლევა, ასევე, აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში, გამოკითხულთა 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს "მხოლოდ პროდასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული (27 პროცენტი) ან პროდასავლური, მაგრამ ამასთანავე, რუსეთთან ურთიერობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 პროცენტი)". მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია - 76 პროცენტი, იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6 პროცენტით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19 პროცენტით შემცირდა.

კვლევა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.

myquiz