რესტორან "იმერულ ეზოში" მოწამლული 22 პირიდან 17 კლინიკაში რჩება | Allnews.Ge

რესტორან "იმერულ ეზოში" მოწამლული 22 პირიდან 17 კლინიკაში რჩება

რესტორანში მიღებული საკვების შედეგად მოწამლული 22 პირიდან ამჟამად 17 აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას გუშინ რესტორანში მიღებული საკვების შედეგად 22-მა პაციენტმა მიმართა.

"მათ აღენიშნებოდათ გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ცხელება, ზოგ შემთხვევაში, კერძოდ, ბავშვებში გაუწყლოვნების ნიშნები, საერთო სისუსტე და ასე შემდეგ. სხვადასხვა სიმძიმის პაციენტები არიან, საბედნიეროდ არც ერთი მძიმე და კრიტიკული არ არის. ყველა მათგანი მკურნალობას ინფექციურ განყოფილებაში გადის. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ზოგ შემთხვევაში – მსუბუქი. ხუთი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ იყო და ისინი ემერჯენსიდანვე ბინაზე გაეწერნენ. ამჟამად კლინიკაში 17 პაციენტი იმყოფება, მათგან 5 ბავშვია. ერთი პაციენტი შესაძლოა ემერჯენსიდან დღეს გაიწეროს ან სტაციონარში დარჩეს. ამის გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ", – განაცხადა კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, საკვების შედეგად მოწამლული პაციენტები კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან.

საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტი ნატახტარში, რესტორან "იმერულ ეზოში" გუშინ მოხდა.

myquiz