რიყეზე, შესაძლოა, ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი გაიხსნას | Allnews.Ge

რიყეზე, შესაძლოა, ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი გაიხსნას

თბილისში, შესაძლოა, ღვინის მუზეუმი აშენდეს, რომელში, როგორც ქართულ ღვინო და მასთან დაკავშირებული არტეფაქტები, ასევე ქართული სამზარეულო იქნება წამოდგენილი.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი  მაია ჩადუნელი განმარტავს, მუზეუმის ასაშენებლად თანხების 50% უკვე მოზიდულია და როგორც კი დარჩენილი თანხების მოზიდვა მოხერხდება, პროექტი წელიწადნახევარში განხორციელდება.

"შარშან მსოფლიომ გვაღიარა, რომ ჩვენ მსოფლიოში პირველი ადამიანები ვართ, ვინც ღვინო გავაკეთეთ, მისი ქვევრში დაყენების მეთოდი კი "იუნესკოს" არამატერიალური ძეგლების ნუსხაშია შეტანილი, ჩვენი ღვინო 8 000 წლისაა და ამიტომ გადავწყვიტეთ, მუზეუმი ქვევრის ფორმის იყოს და გვინდა, რომ ის მსოფლიოს გავაცნოთ და საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდეს", - აღნიშნა მაია ჩადუნელმა.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, მუზეუმის  პირველ სართულზე განთავსდება მარნები, მულტიმედიური სივრცე, არტეფაქტები, საქართველოს დიდი სენსორული რუკა, რომელზეც შესაბამისი ადგილმდებარეობის არჩევის შემდეგ გამოჩნდება მეღვინე და კონკრეტული მიკროზონის ღვინისა და ყურძნის შესახებ გვიამბობს.

"პირველ სართულზე იქნება სადეგუსტაციო დარბაზი და ღვინო გაიყიდება. ასევე, ღვინოზე ისაუბრებს თამადა, რომელიც ქართულ სადღეგრძელოებს ასწავლის. მომსახურე პერსონალი იქნება ნაციონალურ კოტუმებში ჩაცმული, შესასვლელში დაგვხვდება ქართული მრავალხმიანი პოლიფონია, ესეც "იუნესკოს" არამატერიალურ მემკვიდრეობაშია შესული. ყველაფერი ქართული პროდუქტის სახით იქნება ამ მუზეუმში წარმოდგენილი. ასევე განთავსდება სუვენირები, აუცილებლად იქნება თაფლის კუთხე, ჩურჩხელა, სანელებლები, განვათავსებთ ყველა ღვინოს, რაც კი საქართველოში იყიდება. იქვე, მეორე სართულზე, იქნება მასტერკლასების ადგილი, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს დააგემოვნოს, ასევე ისწავლოს ხაჭაპურის, ჩურჩხელის გაკეთება, პურის ცხობა. მესამე სართულზე გვექნება ქართული სამზარეულო, ავთენტური და ტრადიციული ქართული კერძებით", - განმარტავს მაია ჩადუნელი.

რაც შეეხება ავთენტური სამზარეულოს მნიშვნელობას, როგორც მაია ჩადუნელი განმარტავს, ის, როგორც უცხოელი, საქართველოში მცხოვრები დამთვალიერებლისთვისაც კი შეიძლება უცნობი კერძებისგან შედგებოდეს.

"ავთენტური ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ სოფელში არიან მოხუცები, რომლებიც ამზადებენ ისეთ კერძებს, რომელთა  შესახებ ჩვენ არ ვიცით და ამას ვერცერთ რესტორანში ვერ დააგემოვნებთ. ეს რეცეპტები გვაქვს და გვინდა, რომ საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა და ასევე ქართველებმაც, დავაგემოვნოთ უძველესი კერძები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნატურალური იქნება", - დასძენს ის.

მუზეუმის კონკრეტული ადგილმდებარეობა ჯერჯერობით ზუსტად განსზღვრული არ არის, თუმცა, როგორც პროექტის დირექტორი Allnews.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მისი აშენება რიყეზე იგეგმება, რაზეც ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"პროექტი გათვლილია რიყეზე, რადგან იქვე ღვინის აღმართია, გარდა ამისა, რიყეზე ყარაჩოღლები სვამდნენ, ამბობდნენ სადღეგრძელოებს, იქვე ცეკვავდნენ კინტოები, ანუ ისტორიულად, მუზეუმის აქ აშენება გამართლებულია. შემდეგ, მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობის ხიდს, რომელიც არის მინის მჩატე კონსტრუქცია და ჩვენს შემთხვევაშიც იგივე სისტემა იქნება გამოყენებული, ასევე, იქვე არის დოქები ანუ ეს ადგილი არქიტექტურულად შეიკვრება, თან ძველი თბილისის ტერიტორიაა და ყველა მხრიდან გამოჩნდება და ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი პიარი იქნება. თუ რიყეზე არ გამოგვივიდა, მაშინ მოისაზრება თბილსის ზღვა ან მცხეთა, მაგრამ მცხეთის არა ისტორიულ ადგილას, სადაც სვეტიცხოველია, არამედ სხვა ადგილას, შეიძლება, არაგვის პირას, თუმცა ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს რიყეზე", - განმარტა მაია ჩადუნელმა.

მისივე თქმით, პროექტის დაფინანსებაში სახელმწიფო ჩართული არ არის, თუმცა თუ ამის სურვილს გამოთქვამს, ღვინის მუზეუმის დამფუძნებლები მიესალმებიან.

myquiz