"ხშირად ქალები, იმიტომ თხოვდებიან, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ" - რატომ იზრდება საქართველოში განქორწინებების რიცხვი? | Allnews.Ge

"ხშირად ქალები, იმიტომ თხოვდებიან, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ" - რატომ იზრდება საქართველოში განქორწინებების რიცხვი?

საქართველოში განქორწინებების რაოდენობა იზრდება, ქორწინების სტატისტიკა კი კლებულობს. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 10 222 განქორწინება დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა.

ოჯახური პრობლემები 21-ე საუკუნეში მსოფლიოშიც ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რომელზეც ფსიქოლოგები და სოციოლოგები მუშაობენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერესი ოჯახური პრობლემების მიმართ 1960-70 იან წლებში გაიზარდა. 1970 წელს კალიფორნიის შტატში განქორწინებების რაოდენობამ 114 000 შეადგინა, ქორწინებების კი 173 000. იმ პერიოდში ამერიკაში მყოფი სოციოლოგები უკვე საუბრობდნენ განქორწინებების მზარდ ტენდენციაზე და ამას ახალგაზრდების თავისუფალ ხედვას უკვაშირებდნენ.

"ქორწინება მხოლოდ მაშინ იქნება მათთვის მყარი თუ ორივე მხარე ურთიერთობიდან მიიღებს მრავალფეროვან, განვითარებად გამოცდილებას" - აცხადებდა ამერიკაში მოღვაწე ინგლისელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი. მოგვიანებით იგივე პრობლემა ჩვენთან, საქართველოშიც დადგა. 2001 წელს განქორწინებულ წყვილთა რაოდენობა 1 987 იყო, 2017 წელს კი 10 222 შეადგინა. თავისუფლების ხარისხის გაზრდა თუ უნდობლობა საზოგადოებრივი ინსტიტუციები მიმართ? ამ კითხვით ფსიქოლოგ ზურა მხეიძეს მივმართეთ.

ზურა მხეიძე: "განქორწინების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი ვერსიების დონეზე - პირველი, რაც უფრო ვითარდება საზოგადოება, უფრო მეტი ლაპარაკია ქალის უფლებებზე, თავისუფლებაზე. 15-20 წლის წინ და უფრო ადრე განქორწინება საზოგადოდ ტრაგიკულ მოვლენასთან ასოცირდებოდა, ახლა შეიცვალა დამოკიდებულება.

მეორე მიზეზად ქალების უფლებებთან ერთად დამოუკიდებლობის ხარისხს დავასახელებ, რომელიც იზრდება, ანუ აღარ ვარ დამოკიდებული ჩემს მეორე ნახევარზე, ქალსაც შეუძლია მატერიალურად კარგად იყოს და ოჯახებში, სადაც ორივე მუშაობს ეს დიდი ბედნიერებაა, თამამი ნაბიჯის გადადგმა უფრო ადვილია ქალისთვის, თუ მას აწყობილი აქვს სამსახურებრივი საკითხები და სტაბილური შემოსავალი აქვს. ეს ფაქტორიც ახლა უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვიდრე 20 – 25 წლის წინ.

მესამე ფაქტორი არის ზოგადად განქორწინებების მიზეზი - ყველგან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი, ეს იწვევს პრობლემებს. რეალურად ეს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ განქორწინება გახდა ადვილი. ოჯახი, სადაც აკუმულირდება ყველას გასაჭირი, ცოლ-ქმრის ერთობა უკვე ხდება პრობლემური, ჩნდება ფსიქოლოგიური დატვირთვა, იზრდება დაძაბული ფონი და აქ იბადება პრობლემისგან გაქცევის სურვილი.

დანარჩენი მიზეზები შეიძლება იყოს ის ფაქტორები რაც ადრეც იყო, მაგალითად ღალატი, სტანდარტული პრობლემები, რაც ურთიერთობაში იჩენს თავს"

მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორები, ავსტრალიელი ცოლ-ქმარი ალან და ბარბარა პიზები მრავალი წელია მუშაობენ ოჯახურ თემებზე და მიჩნევენ, რომ ქორწინება-განქორწინების საკითხზე ხშირად სოციალური მდგომარეობა, ტრადიციები და გენური კოდიც კი ახდენს ზემოქმედებას. ცოლ-ქმარი პიზები დიდ ბრიტანეთში განქორწინებათა სტატისტიკას ეხმაურებიან, სადაც ქორწინებათა ნახევარი განქორწინებით მთავრდება, ინიციატორთა შორის კი 85% ქალია. ცნობილი ფაქტია, რომ ბრიტანეთში ყოველდღიურად 3 მამაკაცი ასრულებს ცხოვრებას თვითმკვლელობით, რაც მაღალი ალიმენტების გადახდის უუნარობით არის გამოწვეული. ბრიტანეთის ალიმენტების სისტემა შემდეგი პრინციპით მუშაობს - რაც უფრო მაღალი შემოსავალი გაქვს, მით უფრო მაღალია ალიმენტი.

განსხვავებული სიტუაციაა ევროპაში, სადაც ყოველ ერთ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ სულ უფრო ნაკლები ადამიანი ქმნის ოჯახს. განმეორებით ქორწინებების 30%-იც განქორწინებით სრულდება. რა ხდება საქართველოში ამ კუთხიტ და რამდენად ახდენს საზოგადოება ოჯახის შექმნის პროცესში გავლენას ადამიანის ქცევაზე?

ზურა მხეიძე: "განქორწინების საფუძველი ხშირად, იმიტომ არის, რომ ქორწინების საფუძველი არაა სწორი, განსაკუთრებით საზოგადოება ძალადობს ქალებზე. როცა გათხოვილი არა ხარ, იწყება კითხვები - "როდის თხოვდები?", ამას გეუბნებიან სხვადასხვა ოჯახის წევრები. თუ 29 წლის ხართ, ახალი წელი იწყება სადღგრძელოთი - "წელს მაინც გათხოვდი", ანუ საზოგადოება ამას გთხოვს. ხშირად ქალები, იმიტომ კი არ თხოვდებიან, რომ მამაკაცი მოეწონათ, შეუყვარდათ, არამედ იმიტომ, რომ თავი სრულყოფილად ჩათვალონ, სტატუსი მოირგონ საზოგადოებაში. ასეთი ტიპის ზეწოლით საზოგადოების მხრიდან დიდია ალბათობა იმისა, რომ შეცდომა დაუშვა.

ქორწინებისთვის არ არის საკმარისი სიყვარული და სასიყვარული ურთიერთობები.
ქორწინება ეს არის გააზრებული პასუხისმგებლობები, როდესაც ქორწინდები და ქალი, ან კაცი ფიქრობს, რომ "ამას მამაჩემი გამიკეთებს, ან ამას დედაჩემი გამიკეთებს" უკვე არ ხარ მზად ქორწინებისთვის. ყველა პასუხისმგებლობა უნდა აიღო საკუთარ თავზე. ჩვენთან ეს პრობლემაა და ეს დგას ძალიან მწვავედ. საქართველოში პერსონა ძალიან ძნელად ყალიბდება, რადგან ოჯახი არ უწყობს ხელს. ოჯახი 40 წლის ადამიანსაც დასდევს კუდში, შესაბამისად ამ მხრივ პასუხისმგებლობა არ გაქვს შენ ადამიანს, ოჯახი რომ დაგსდევს, გააზრებაც კი გიჭირს ამ დროს - რას ნიშნავს პასუხისმგებლობა. მაგალითად, ხშირად ხალხი თხოვს მთავრობას ისეთ რაღაცას რაც საერთოდ არ არის მთვარობის საქმე.

ინფანტილური დამოკიდებულებაა ხშირად საზოგადოების მხრიდან გარკვეული საკითხების მიმართ, როდესაც ადამიანი ინფანტილურია არა აქვს მნიშვნელობა ის 40 წლის ასაკში დაოჯახდება თუ 25 წლის ასაკში. მას არ შეუძლია გაიაზროს პასუხისმგებლობა. ასევე მინდა გამოვეხმაურო მეორე და მესამე ქორწინებების მზარდ სტატისტიკას, რომელიც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. საზოგადოებაში იყო ასეთი ხუმრობა ერთი და იგივე ქალები თხოვდებიან და რატომ , იმიტომ, რომ ადამიანი საზოგადოებივი წნეხისგან გათავისუფლდა, მეორეს მხრივ პასუხისმგებლობების აღება ნაკლებად შეუძლია. ქორწინებისთვის სიყვარული არასაკმარისი პირობაა, აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. შენ უნდა გაიაზრო, რომ იღებ პასუხისმგებლობას ადამიანთან ცხოვრებაზე. თაფლობის თვე შემთხვევით კი არ ქვია, სად გინახავთ თაფლობის 10 წელი?!"

ნინო წიფურია

myquiz