სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეტროს მემანქანეებს ხვალ გაფიცვა აეკრძალათ | Allnews.Ge

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეტროს მემანქანეებს ხვალ გაფიცვა აეკრძალათ

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გუშინ სასამართლომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის ღონისძიება 30 დღით გადაავადა და თუ ისინი მაინც გაიფიცებიან, ეს კანონდარღვევა იქნება.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი ხმალაძეს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება ალტერნატიული ზომები, რასაც მერია გაფიცვის შემთხვევაში მიმართავს.

"პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ მუნციპალიტეტი არასდროს მიიღებს კონკრეტულ ჯგუფთან მიმართებით გადაწყვეტილებას განცალკავებულად და მხოლოდ მათ სასარგებლოთ ისე, რომ ეს საერთო სურათს არ შეესაბამებოდეს. ჩვენ გვევალება, ჩვენი ფინანსური რესურსები განვკარგოთ სწორად, გონივრულად, რაციონალურად და ეს იყოს საერთო სურათში სწორი გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ მრავალი შეხვედრის მიუხედავად, ჩვენ ამ ადამიანების დარწმუნება ვერ შევძელით, მაინც მიმართეს უკიდურეს ზომას, რაც არის გაფიცვა.

თუმცა გუშინ სასამართლომ გადაავადა გაფიცვის ღონისძიება 30 დღით, ამასთან, პარალელურად შესულია სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ეს გაფიცვა იქნას ცნობილი არაკანონიერად და მუნციპალიტეტს არ დაურღვევია მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლებთან კონსულტაციას, რომ დედაქალქის მოსახლეობას არ შეექმნეს პრობლემა. მერია ყველაფერს გააკეთებს და დღეს თბილისის მერმაც გააკეთა განცხადება, რომ მეტრო არ გაჩერდება, როგორც 3 მაისს, ასევე ნებისმიერ დროს. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მოსახლეობას დისკომფორტს არ შევუქმნით.

ხვალ თუ მაინც გაიფიცნენ, ეს იქნება კანონის დარღვევა და ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხისმგებლობა, მაგრამ 30 დღის ვადაში სასამართლო იმსჯელებს გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფიცვის ღონისძიება მაინც ორგანიზებული იქნება, მერია თავად მოახერხებს, რომ მეტრო არ გაჩერდეს და ჩვენ მივმართავთ სხვა ალტერნატიულ ზომებს. თუ რა იქნება ალტენატიული ზომები ამის კონკეტიკას მე ვერ გავაკეთებ, თუმცა მომდევნო პერიოდში, თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

myquiz