დღეს მცხეთას აკურთხებენ | Allnews.Ge

დღეს მცხეთას აკურთხებენ

დღეს მცხეთას აკურთხებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის ტაძარში 10:00 საათზე, დაიწყებს.

წირვაზე დღეს სამ ჯვარს აკურთხებენ, რომელსაც შემდეგ მცხეთის ჯვარზე, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში გადააბრძანებენ, რაც ძველ ტრადიციას უკავშირდება.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, XI საუკუნეში წმიდა კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ I-ის მიერ შედგენილი ანდერძის თანახმად, "ხარებობას" წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე დადგინდა. "დაუდევ ამა წმიდასა დედაქალაქსა აღაპი დღე ხარებაი", – აღნიშნულია მატიანეში.

უკვე სამი წელია აღდგა ტრადიცია და "ხარებობას" მღვდელმთავრისა და სამღვდელოების მონაწილეობით მცხეთის კურთხევა ხდება. საზეიმო მსვლელობა დღეს, წირვის შემდეგ დაიწყება. მორწმუნეებს ექნებათ შესაძლებლობა, წმიდა მელქისედეკ კათოლიკოსის ანდერძის თანახმად, მცხეთის კურთხევაში მიიღონ მონაწილეობა.

ამასთან, მე-4 საუკუნეში, ხარების დღესასწაულზე, წმ. ნინოსა და წმ. მირიან მეფის კურთხევით, ,,ძუძუს წყაროზე" აკაკის ხე მოიჭრა, რომლისგანაც შემდეგ სამი ჯვარი შეიქმნა. აღნიშნული ჯვრების მცხეთის ჯვრის ბორცვზე, თხოთის მთასა და უჯარმაში აღმართვით ,,დაეცა ყოველი კერპი ქართლისაი".

myquiz