2017 წელს საქართველოს გზებზე 6,079 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა - რას გვეუბნება აუდიტის სამსახურის კვლევა | Allnews.Ge

2017 წელს საქართველოს გზებზე 6,079 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა - რას გვეუბნება აუდიტის სამსახურის კვლევა

2017 წელს საქართველოს გზებზე 6,079 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა, 8,461 კი დაშავდა- სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2017 წელს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის განხორციელების შედეგებს აქვეყნებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 1,000,000 მოსახლეზე, მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

"ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში 6,939 სისხლის სამართლის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამ სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის საშუალო ან მძიმედაზიანება გამოიწვია. ამავე წელს, ადმინისტრაციული შეჯახებების რაოდენობა 32,015-სშეადგენს, რაც დაკავშირებულია ქონების ან სხეულის მსუბუქ დაზიანებასთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი წლის მანძილზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 38,954-ს შეადგენს, გამოდის, რომ დღეში, დაახლოებით, 107 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხება და წლის განმავლობაში ყოველი 30-ე ავტომობილი ავტოსატრანსპორტო შემთხვევას ახდენს."- ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

კვლევის თანახმად, რომლის ძირითად ობიექტებს წარმოადგენდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; სსდ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ქ. თბილისში ფიქსირდება (47%), შესაბამისად ქ. თბილისში, მაღალია დაშავებულთა (42%) და გარდაცვლილთა (17%) რაოდენობა. მიუხედავად, თბილისში დაფიქსირებული ხშირი ავტო-სატრანსპორტო შემთხვევებისა, ფატალური შემთხვევების წილი რეგიონებში უფრო მაღალია. ავტოსატრანსპორტო შეჯახებებს შორის ხშირია შეჯახება ავტომობილზე - 39% და ქვეითზე -35%.

2016 წლის მონაცემებით თბილისში ყველაზე პრობლემური მონაკვეთებია დ. აღმაშენებლის ხეივანი, მარჯვენა სანაპირო, მარცხენა სანაპირო, კახეთის გზატკეცილი და წერეთლის გამზირი.

აუდიტის სამსახურმა 112-ის მონაცემებზე დაყრდნობით სხვა ქალაქებში რისკის შემცველი ადგილები გამოყო, მათ შორის ბათუმში ყველაზე მეტი ავტო-საგზაო შემთხვევა პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე დაფიქსირდა, ქუთაისში- ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რუსთავში კი ხალხთა მეგობრობის გამზირზე.

საგზაო შემთხვევების რაოდენობა ქალაქებში ქუჩების მიხედვით 2016 -2017 (2017 წლის I ნახევარი) წყარო სსიპ - "112"

გარდა ამისა თბილისი-სენაკი-ლესელიძის 94-ე კილომეტრზე, 2 წელსა და 9 თვეში დაფიქსირებულია 21 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაშავდა 40 ადამიანი და 2 დაიღუპა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით საგზაო მონიშვნები, გზის ზოლის სიგანე და დაშვებული სიჩქარე არ არის თანხვედრაში კარგ პრაქტიკასთან. შესაბამისად გზების არსებული მოწყობა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ქმნის დამატებით რისკებს საგზაო უსაფრთხოების მხრივ.

myquiz