რატომ იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომში? - შსს-ის განმარტება | Allnews.Ge

რატომ იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომში? - შსს-ის განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომში საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქალაქ ბორჯომში იმყოფებიან", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

დღეს დილიდან კი ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.

myquiz