ვის გათავისუფლებას აპირებს კახა კალაძე "ვარკეთილის" მეტროსადგურზე ჭერის ჩამონგრევის გამო | Allnews.Ge

ვის გათავისუფლებას აპირებს კახა კალაძე "ვარკეთილის" მეტროსადგურზე ჭერის ჩამონგრევის გამო

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, იყო ხარვეზები დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.

"ცოტა ხნის წინ ვარკეთილის "მეტროსადგურში" ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს, თქვენ იცით, რომ ჭერი ჩამოინგრა, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.

კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება - ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, მანამდე მინდა სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს იმ პირთა შორის, რომელიც ვარკეთილის მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო, თანამდებობას დატოვებს. სწორედ ჭეიშვილი იყო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი იმ პერიოდში, როცა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია განხორციელდა.

სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე ნუგზარ ჭეიშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც შესაბამის ტენდერსა და შესრულებული სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

myquiz