2017 წელს საქართველოში დარღვევების გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა | Allnews.Ge

2017 წელს საქართველოში დარღვევების გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა

2017 წლის განმავლობაში სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა. შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, სამინისტრო წერს ოქმს, ხოლო დაჯარიმების საკითხს შემდეგ უკვე სასამართლო განიხილავს.

კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს სამინისტროს მიერ სამედიცინო/სააღმზრდელო დაწესებულებებში, სალიცენზიო, სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების და სავარაუდო უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობის შემოწმება განხორციელდა 360 (2016 წელს 238 შემთხვევა) შემთხვევაში.

კერძოდ: სალიცენზიო (სანებართვო) პირობების დარღვევაისთვის (მათ შორის სააღმზრდელო საქმიანობის პირობების შეუსრულებლობა) ოქმი შედგა 96 შემთხვევაში. აქედან 67 შემთხვევაში სასამართლომ სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო (2016 წელს 45).

მაღალი რისკის საქმიანობისთვის (ტექნიკური რეგლამენტი) შედგა ოქმი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 47( გასულ წელს 52) შემთხვევაში.

უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობისთვის გასული წლის განმავლობაში 11 ოქმია შედგენილი, ხოლო კლინიკა დაჯარიმდა 7 (გასულ წელს - 10) შემთხვევაში.

სალიცენზიო პირობების განმეორებითი დარღვევისთვის სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 16 (გასულ წელს 4) შემთხვევაში, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევისთვის დაიწერა 6 ოქმი და სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 5 შემთხვევაში.

შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაიწერა 215 ოქმი, საიდანაც სასამართლომ 142 შემთხვევაში მიიღო კლინიკების დაჯარიმების გადაწყვეტილება, 6 შემთხვევაში განხილვა შეწყდა, 23 შემთხვევაში სასამართლომ შენიშვნა მისცა სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 44 შემთხვევაში განხილვა გრძელდება. გასულ წელს სულ დაიწერა 138 ოქმი, სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 111 შემთხვევაში, განხილვა შეწყდა 4 შემთხვევაში, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა შენიშვნა მიიღეს 23 შემთხვევაში.

myquiz