საქართველოში კაცებს დასაქმების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ქალებს | Allnews.Ge

საქართველოში კაცებს დასაქმების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ქალებს

სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი _ 5-ჯერ. თუმცა, ფორმალური განათლების დონე არ განსაზღვრავს მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი თუ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს- ნათქვამია კვლევაში, რომელიც საქართველოს მასშტაბით 2016 წელს ჩატარდა და გამოიცა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. კვლევაში მონაწილეობა 1488 ადამიანმა მიიღო.

კვლევის თანახმად მაგისტრის დიპლომის მიღება არა უფრო მაღალი შრომის ანაზღაურების ან პროფესიით დასაქმების, არამედ ზოგადად, დასაქმების გაზრდილი შესაძლებლობის წინაპირობას წარმოადგენს.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართელოში დასაქმების თვალსაზრისით წამყვან პოზიციას დღეს საჯარო სექტორი იკავებს. რესპონდენტების უმრავლესობა კი დასაქმებულია საგანმანათლებლო სექტორში, რომელიც ქვეყნის მშპ-ს შემადგენელი ერთ-ერთი დაბალპროდუქტიული დარგობრივი სტრუქტურაა;

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია დასაქმების პროცესში გენდერის გავლენაზე, მიღებული შედეგების თანახმად კაცების შემთხვევაში, დასაქმების შანსი 1.5-ჯერ მაღალია ქალებთან შედარებით.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობაში დეფიციტურია დასაქმებისთვის და დასაქმებულების შრომითი პროდუქტიულობისთვის ორი პრინციპულად მნიშვნელოვანი უნარი _ კომპიუტერის და ინგლისური ენის ცოდნა. ასევე საგულისხმოა, რომ აღნიშნული უნარების გაუმჯობესება ქვეყანში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. კომპიუტერთან ინტენსიური მუშაობის გამოცდილება თითქმის 2-ჯერ ზრდის დასაქმების შესაძლებლობას.

myquiz