"ბასიანის" დაცვის უფროსი მის დაჭრაში ბრალდებულზე საუბრობს | Allnews.Ge

"ბასიანის" დაცვის უფროსი მის დაჭრაში ბრალდებულზე საუბრობს

პოლიციის უფროსის მოადგილე რომ ადგილზე არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, - ამის შესახებ კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსმა, ზვიად მესხმა განაცხადა.

ambebi.ge-სთან საუბარში ზვიად მესხი "ბასიანში" მომხდარი დაპირისპირების ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ თანამშრომელთან ერთად სასიკვდილოდ გაწირეს.

"თამაზ ქვლივიძე და მეორე პიროვნება (მიხეილ სვანიძე), კლუბში ნასვამები მოვიდნენ. უნდოდათ კლუბში შემოსვლა, "ფეის კონტროლმა" კლუბში შემოსვლაზე უარი უთხრა, რადგან აშკარა იყო, რომ ეს პირები კლუბში გასართობად არ იყვნენ მოსული - საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. გადავიდნენ შეურაცხყოფაზე, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. სწორედ ამ დროს სამი პირი დაჭრეს. პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას. პატრულის ეკიპაჟი მორიგეობს ცენტრალურ გზაზე. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში და ჩემთვის მოქნეული დანა ხელით დაიჭირა პოლიციელმა და დაიჭრა", - განაცხადა მესხმა.

მისივე თქმით, არ ელოდა, რომ საქმეში ბრალდებულ ქვლივიძეს გაათავისუფლებდნენ.

"მე გადავურჩი სიკვდილს, სასიკვდილოდ გამწირეს თანამშრომელთან და პოლიციასთან ერთად. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მთელმა ქვეყანამ იცის ეს რომ მოხდა და სასამართლომ ის გაათავისუფლა. მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა სხვა ვერ გადაურჩეს", - აღნიშნა დაშავებულმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულ პირს, გირაოს სანაცვლოდ 30 000 ლარი შეეფარდა.

myquiz