თბილისში ეკოლოგიურად სუფთა ახალი ავტობუსები იმოძრავებენ | Allnews.Ge

თბილისში ეკოლოგიურად სუფთა ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

თბილისში ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ავტობუსების შესაძენად მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ახალმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განუცხადა, მომავალ წელს, პირველ ეტაპზე 200-მდე ახალი ავტობუსის შეძენა მოხდება.

"ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესაძენად ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ, რათა ავტობუსების შესაძენად სავარაუდო ფასები მივიღოთ მისი გაბარიტებიდან გამომდინარე. არის მარშუტები, სადაც გრძელი ავტობუსები ვერ მოძრაობენ. პატარა ავტობუსებია საჭირო. 2018 წლის დასაწყისში შესყიდვაზე კონკურსს გამოვაცხადებთ. პირველ ეტაპზე 200 ერთეულის შეძენა იგეგმება. შემდეგ მგზავრთა ნაკადების კვლევა რასაც გვიჩვენებს, ამის მიხედვით ავტობუსების შეძენა გაგრძელდება. სრული ავტოპარკი, დაახლოებით, 3-4 წელიწადში მთლიანად უნდა იყოს ჩანაცვლებული", – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

მისივე თქმით, მერიის მიერ დაქირავებული ერთ-ერთი კომპანია საქალაქო ტრანსპორტში (მეტროში, ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსებში) ყველა მარშრუტზე მგზავრთა ნაკადებს ითვლის. კონკრეტულ მარშუტზე რა ტიპის ავტრობუსი განთავსდეს, ან სად რომელი ახალი ავტობუსის მარშრუტი დაემატოს, ამის მიხედვით გაირკვევა.

"ასევე გათვალისწინებულია ავტობუსის ხაზების დამატება. მერიას აქვს დაკვეთილი პროექტი და მგზავრთა მონიტორინგი მიმდინარეობს. შესაბამისად, შესაძლებელია რამდენიმე ახალი ხაზი დაემატოს. ითვლიან მგზავრებს, მიმართულებებს და ამის მიხედვით მოხდება დამატება. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ახალი ხაზი და ავტობუსი დაემატება. მერიის დაპირება იყო საქალაქო ტრანსპორტის განვითარება და შეღავათი მიეცეს გზებზე არსებულ სიტუაციას", – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქში დღეისთვის 525–530 ავტობუსი მოძრაობს, რეზერვში კი 100 ავტობუსია ანუ სულ ქალაქს 650 ავტობუსი ემსახურება.

myquiz