რითი თბებიან და ამზადებენ საჭმელს საქართველოში - წაიკითხეთ ბოლო სტატისტიკა | Allnews.Ge

რითი თბებიან და ამზადებენ საჭმელს საქართველოში - წაიკითხეთ ბოლო სტატისტიკა

თბილისში მცხოვრებთა დიდი ნაწილი გასათბობად გათბობის ინდივიდუალურ ცენტრალურ სისტემას იყენებს, სოფლად მცხოვრებთა უმეტესობა კი შეშის ღუმელებს - ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის 2017 წლის კვლევის შედეგები.

როგორც საქსტატი იუწყება, საქართველოში საცხოვრებელი სახლების გათბობისთვის ძირითადად ორ სისტემას იყენებენ. ესენია: გათბობის ინდივიდუალური ცენტრალური სისტემა, რომლისთვისაც გამოიყენება ბუნებრივი გაზი და გათბობის ინდივიდუალური საშუალებები, რომლისთვისაც გამოიყენება როგორც ბუნებრივი გაზი, ისე ელექტროენერგია, შეშა, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, მყარი ან თხევადი საწვავი.

კვლევის შედეგების მიხედვით, ბუნებრივ გაზზე მომუშავე გათბობის ცენტრალურ სისტემას საქართველოში იყენებს ოჯახების 10,5%. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური გათბობის სისტემას საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 17,1% იყენებს, ხოლო სასოფლო დასახლებაში გაცილებით მცირე - 1,6%-ია.

ამასთან, საქართველოში მცხოვრებლების 44,5% სახლის გასათბობად ბუნებრივ გაზს , 45,8% შეშასა და სასოფლო სამეურნეო ნარჩენებს, ხოლო 6,4% ელექტროენერგიას იყენებს.

სპეციალისტების რჩევები, რომლებიც გაზის გამათბობლებთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ

საინტერესოა, რომ გათბობის საშუალებად შეშას ქალაქში მცხოვრებთა 17% იყენებს ხოლო სოფლად მოქალაქეების 78,3%.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული საცხოვრებლების 1,2% გათბობის გარეშეა.

რაც შეეხება წყლის გათბობის სისტემებს, როგორც საქსტატი იუწყება, 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ოჯახების 65,1% წყლის გასათბობად ცხელი წყლის მიწოდების ინდივიდუალურ სისტემას იყენებს, როგორიცაა წყლის გამაცხელებელი ქვაბი და ა.შ.

ოჯახების 34,6% კი სარგებლობს ცხელი წყლის მიწოდების სხვა საშუალებებით (გაზქურა, ელექტროღუმელი, შეშის, ქვანახშირის ღუმელი, ელექტრო ჩაიდანი, მზე), ხოლო საცხოვრისების 0,3%-ს მიეწოდება გეოთერმული წყალი. აღსანიშნავია, რომ ში ნამეურნეობების გარკვეული ნაწილი წყლის გასათბობად ერთდროულად იყენებს როგორც ინდივიდუალურ წყალგამაცხელებელ ქვაბებს, ისე გათბობის ინდივიდუალურ საშუალებებს.

კვლევა ჩატარდა საჭმლის მომზადების მეთოდთან დაკავშირებითაც.
აღმოჩნდა, რომ კერძების მოსამზადებლად ოჯახების ნახევარზე მეტი, 52,8% ბუნებრივ გაზს იყენებს, თუმცა ამ მხრივ დიდი განსხვავებაა ქალაქსა და სოფლად მცხოვრებთა მეთოდებს შორის. ბუნებრივ გაზს ქალაქში მცხოვრებთა 77,8%, ხოლო სოფლად მცხოვრებთა 27,8% იყენებს.

ჩვენს ქვეყანაში საჭმელს სხვა სისტემებითაც ამზადებენ, მაგალითად შეშისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დახმარებით, რასაც 2017 წელს ოჯახების 24,6% იყენებს. კერძების მოსამზადებლად გამოიყენება თხევადი გაზიც, რომლის მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი 16,7%-ია.

ქართული ოჯახის ყოველდღიური მენიუ - კვლევის საგანგაშო შედეგები

ოჯახების ყველაზე მცირე ნაწილი, 5,7% კი საჭმელს ელექტროენერგიის მეშვეობით ამზადებს.

საქსტატმა საჭმლის მოსამზადებლად ღუმელებში გამოყენებული რესურსებიც შეისწავლა. ლიდერი ამ შემთხვევაშიც ბუნებრივი გაზია, რასაც 14,9% იყენებს, 33,7% ღუმელებისთვის შეშას, ხოლო 14,9% ელექტროენერგიას იყენებს.

ამ შემთხვევაშიც, სოფლად მცხოვრებთა უმეტესობა საჭმლის ღუმელებისთვის შეშას იყენებს, ქალაქში მაცხოვრებელთა უმეტესი ნაწილი კი გაზს.

myquiz