თავის ტკივილი ხშირი პრობლემაა თითქმის ყველა ადამიანისთვის - როდის უნდა მივმართოთ ექიმს? | Allnews.Ge

თავის ტკივილი ხშირი პრობლემაა თითქმის ყველა ადამიანისთვის - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თავის ტკივილი სხვადასხვა დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომია, ამავდროულად, შეიძლება ის უბრალოდ დაღლილობამაც გამოიწვიოს. თუმცა, შეიძლება ითქვას, თავის ტკივილი ექიმთან ვიზიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. რა ტიპის თავის ტკივილი არსებობს, რომელია ყველაზე გავრცელებული და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, Allnews.ge ნევროლოგ ეთერ ტოგონიძეს ესაუბრა.

- ზოგადად, თავის ტკივილი ექიმთან მომართვის ერთ-ერთი აქტუალური ჩივილია, შესაბამისად, ის არის ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომი. ეს შეიძლება იყოს ნევროლოგიური, ისე არანევროლოგიური. არსებობს პირველადი თავის ტკივილი, ანუ როცა კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ გვაქვს და მეორეული თავის ტკივილი, რომელიც წარმოადგენს გარკვეული პათოლოგიის შედეგს და ერთ-ერთ სიმპტომს.

ამ პათოლოგიების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, დაწყებული ნევროლოგიური დაავადებებიდან, ეს შეიძლება იყოს სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული, თავის ტვინში სხვადასხვა წარმონაქმნით გამოწვეული, სინუსიტების, ფრონტიტების, ინფექციური დაავადების, მაგალითად, მენინგიტის ერთ-ერთი ნიშანი. არანევროლოგიური დაავადებებიდან შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით გამოწვეული, ოსტეოქონდროზული პრობლემებით, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში.

პირველადი თავის ტკივილიდან, რომელიც მოსახლეობაში გვხვდება, აღსანიშნავია დაძაბული ტიპის თავის ტკივილი, შაკიკი, რომლებიც დამახასიათებელი ნიშნებით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, სწორედ ამის მიხედვით ვადგენთ რა ტიპის თავის ტკივილთან გვაქვს საქმე.

ყველაზე გავრცელებული დაძაბული ტიპის თავის ტკივილია. მას თავზე ძლიერად მოჭერის ხასიათის ტკივილი აქვს, ძირითადად პროვოცირდება გადაღლის, ემოციის ფონზე, თავის ხანგრძლივად ერთ პოზიციაში ყოფნის დროს, უფრო მეტად ეს დაკავშირებულია ფიზიკურ თუ გონებრივ გადაღლასთან.

-თავის ტკივილს უმეტესობა არ მიიჩნევს საშიშ სიმპტომად და ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობს, თუმცა არსებობს რაღაც ზღვარი, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

-დიდი მნიშვნელობა აქვს როდის და რა სიტუაციაში იწყება თავის ტკივილი. უცებ, მოულოდნელად დაწყებული ტკივილის დროს, რომელსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, კისრის ტკივილი, დაჭიმულობა, თვალების აჭრელება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. ასევე, თუ ადრე არსებული თავის ტკივილი არ იყო ხშირი და ატყობთ, რომ ეს ტკივილები გახშირდა ან შეიცვალა ხასიათი, ანუ დაემატა რაღაც ნიშნები, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვა გართულების, ამიტომ თავის დასაზღვევად უნდა მივმართოთ ექიმს.

- რისკ-ჯგუფს ვინ განეკუთვნება?

-ბავშვებში არის გარკვეული სახის თავის ტკივილი, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გადაღლა, მხედველობის პრობლემა ან მერხთან დიდხანს ჯდომით გამოწვეული დაღლილობა. თუ ტავის ტკივილი იწყება მოგვიანებით ასაკში, განსაკუთრებით 50 წლის მერე და განსაკუთრებით ქალებში, ეს კიდევ მეტად საყურადღებოა და გამოსარიცხია სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.

-ანუ ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი ვიდრე მამაკაცებს?

-დაძაბული ტიპის თავის ტკივილი და შაკიკი სტატისტიკურად მიჩნეულია, რომ უფრო მეტად ქალებს აწუხებთ, არის კლასტერული თავის ტკივილი, რომელიც მამაკაცებში უფრო ხშირია, მაგრამ ტენდენციაა, რომ ქალებში უფრო ხშირია თავის ტკვილი.

-თავის ტკვილის დროს ვიღებთ ტკივილგამაყუჩებელს, მაგრამ მედიკამენტების ხშირი მიღება რამდენად მოქმედებს უარყოფითად ჯანმრთელობაზე?

-როდესაც არის ეპიზოდური თავის ტკივილი - თვეში-3-4-ჯერ, შესაბამისი ტკივილგამაყუჩებელი ინიშნება, მაგრამ თუკი თავის ტკივილის სიხშირე თვეში არის 10 დღე და მეტი, ასეთ დროს ტკვილგამაყუჩებლის მიღება ხელს უწყობს თავის ტკივილის გაქრონიკულებას ანუ უარესს ვაკეთებთ, ამიტომ ასეთ დროს უკვე გვაქვს ქრონიკული თავის ტკივილი და ამ შემთხვევაში ვნიშნავთ პროფილაქტიკურ მკურნალობას ანუ უფრო ხანგრძლივ მკურნალობას სხვადასხვა მედიკამენტებით, ანტიდეპრესანტებით და ა.შ. ეს საჭიროა ტკივილის ფონის შესამცირებლად.

-თუ თავის ტკივილი ხშირად არ გვაწუხებს, ტკივილგამაყუჩებლის მიღების ნაცვლად, რისი გაკეთება შეიძლება?

-როდესაც პირველად თავის ტკივილზეა ლაპარაკი, ანუ როცა კონკრეტული მიზეზი არ არის დადგენილი, პაციენტის ჩაკითხვის შედეგად ვადგენ თუ რა იწვევს თავის ტკივილს. მაგალითად, როცა პაციენტი მეუბნება, რომ თუ არ სძინავს კარგად, მეორე დღეს თავი სტკივა, საჭიროა ძილის რეჟიმის მოწესრიგება. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ უძლებენ ხანგრძლივ გონებრივ დატვირთვას, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ხშირი შესვენება, კომპიუტერთან შეძლებისდაგვარად ნაკლები დროის გატარება, თვალების დასვენება. ასევე კარგია ფიზიკური დატვირთვა, სირბილი, ვარჯიში. მთავარია დადგინდეს თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი და რეკომენდაცია შესაბამისი იქნება.

myquiz