გრიპის სეზონი იწყება - ელიან თუ არა განსაკუთრებით მძიმე ვირუსებს და რა უნდა იცოდეთ ვაქცინაციაზე | Allnews.Ge

გრიპის სეზონი იწყება - ელიან თუ არა განსაკუთრებით მძიმე ვირუსებს და რა უნდა იცოდეთ ვაქცინაციაზე

ზამთრის პერიოდში მსოფლიოში და შესაბამისად - საქართველოში, გრიპის განსაკუთრებულად მძიმე ვირუსების გავრცელებას არ ვარაუდობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ზამთარში ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს ელიან.

"ბოლო წლების მანძილზე საქართველოში ვირუსების გამოჩენა იწყება დეკემბრის ბოლოს და პიკს აღწევს იანვარში. უფრო წინა წლებში ეს პერიოდი იანვარ-თებერვალი იყო. წელს, ჯერჯერობით, არ ვიცით, როდიდან დაიწყება, რადგან დამოკიდებულია რეგიონში ვირუსის ცირკულაციაზე," - აცხადებს ზახაშვილი.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, საუკეთესო პრევენცია, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან ერთად, სეზონურ გრიპზე ვაქცინაციაა.

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნა გასულ წლებთან შედარებით მაღალია. გრიპის გართულების განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის ვაქცინა სახელმწიფომ შეიძინა, ამ კატეგორიაში კი მოიაზრებიან ორსულები, დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე პირები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, სამედიცინო სფეროს მუშაკები, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრები და იქ მომუშავე პერსონალი.

სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინით უკვე 14 ათასამდე ადამიანი აიცრა.

არის თუ არა დაგვიანებული ვაქცინაცია ნოემბერში

თუ აქამდე გრიპის ვაქცინაცია არ ჩაგიტარებიათ, შეგიძლიათ, ახლა აიცრათ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი რიტა ფაჩუაშვილი ამბობს, რომ გრიპის სეზონი ახლა იწყება და შესაძლოა, აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს, ამიტომ, ვაქცინაცია დაგვიანებული არასოდეს არის.

"თუ პაციენტი ცხოვრებაში პირველად იცრება, სასურველია, 1 თვის შემდეგ კვლავ განმეორდეს ვაქცინაცია, იმუნიტეტის სიმყარისთვის. ეს რეკომენდაცია თვითონ ვაქცინის ანოტაციაშიც წერია, მომავალ წელს კი ვაქცინაცია მხოლოდ ერთხელაც საკმარისია," - განაცხადა ფაჩუაშვილმა.

მისივე განმარტებით, იმუნიტეტის ჩამოყალიბება იწყება ვაქცინაციის დღიდანვე, მაგრამ სრული იმუნიტეტი, დაახლოებით, 10-14 დღის ინტერვალში ყალიბდება.

აქვს თუ არა ვაქცინაციას გვერდითი მოვლენები?

ვაქცინაციამდე, აუცილებელია, გაირკვეს ანამნეზი, პაციენტს აქვს თუ არა რამეზე ალერგია.

"თუ აღმოჩნდა, რომ შეიძლება აცრის ჩატარება, გვერდითი რეაქციების არის მინიმალური, მხოლოდ ადგილობრივი სიწითლე, მტკივნეულობა და განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევაში - თითქოს მსუბუქად გადაიტანა გრიპი. სხვა გართულებას და გვერდით მოვლენებს ჩემს პრაქტიკაში ადგილი არ ჰქონია," - ამბობს ფაჩუაშვილი.

მისივე თქმით, ვაქცინაციის მსურველების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

"საუკეთესო რეკლამა ისაა, რომ ვინც ერთხელ უკვე აიცრა, მომდევნო წელსაც მოდის, მოჰყავს მეგობრები, ოჯახის წევრები, ანუ შედეგი რეალურია," - აცხადებს რიტა ფაჩუაშვილი.

სად შეიძლება ჩავიტაროთ ვაქცინაცია

აცრების მსურველებს შეუძლიათ, ვაქცინაციისთვის პოლიკლინიკებს მიმართონ. ვაქცინის შეძენა შესაძლებელია აფთიაქებსა და სხვადასხვა კერძო კლინიკაში, ღირებულება კი 30-დან 50 ლარამდეა.

თინათინ კაკიაშვილი

AMBEBI.GE

myquiz