მაშველებმა გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს | Allnews.Ge

მაშველებმა გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

ზეკარის უღელტეხილიდან მაშველებმა გერმანელი ტურისტები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. როგორც სამაშველო სამსახურიდან აცნობეს, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზეკარის უღელტეხილზე, ალპურ ზონაში, თოვლში ჩარჩენილი ორი ტურისტი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება სჭირდებოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ტურისტების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაემართნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს ბაღდათის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

შსს-ს სამაშველო ჯგუფმა, ინტენსიური სამძებო სამუშაოების შედეგად, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეების ადგილსამყოფლის დადგენა შეძლო. ტურისტების დასახმარებლად ჩატარებულ გზის გაწმენით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა აწარმოებდა.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა და პოლიციელებმა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

myquiz