ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება | Allnews.Ge

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი დღეს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება, - ამის შესახებ საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

დაცვის მხარე სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. "ყველამ იცის, რომ ჩვენ სამართლებრივად მყარ სიტუაციაში ვართ. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლო არავის გავლენის ქვეშ არ არის, ველოდებით გამამართლებელ განაჩენს", - განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

myquiz