პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, 200-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს | Allnews.Ge

პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, 200-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს

პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთაზე შესაძლოა, 200-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს – ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის ინიციატივით თბილისის მერიას კერძო კომპანიამ მიმართა, – "ეს იქნება კერძო პროექტი, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მერია გამოაცხადებს კონკურსს და ვინც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და კარგ პირობებს შემოგვთავაზებს, ამ პროექტს ის თავისივე სახსრებით განახორციელებს. საუბარია, ორსართულიანი მიწიქვეშა პარკინგის მხოლოდ ერთ ადგილზე, მიცკევიჩისა და პეკინის კუთხეში მოწყობის შესახებ, შესაბამისად, სამუშაოების დაწყების შემთხვევაში პეკინის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა არ მოხდება" – განმარტა გივი კუბლაშვილმა.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ასევე აღნიშნავს, რომ პეკინის გამზირზე კომუნიკაციების სამუშაოები დღეს დასრულდა, მომდევნო დღეებში კი ასფალტის ზედა ფენებისა და ტროტუარებისა და ველობილიკების მოწყობა დაიწყება.

"6 სექტემბერს გზის საფარი უკვე სრულად დასრულებული იქნება. ტროტუარებზე მოეწყობა როგორც ჩვეულებრივი ასფალტი, ასევე ველობილიკიც. პეკინის საგზაო ნაწილი დაახლოებით 10 სექტემბრისთვის, ხოლო მოწესრიგებული ტროტუარები 15 სექტემბერს გაიხსნება," – აღნიშნა გივი კუბლაშვილმა.

myquiz