"მითხრეს, ტრანსპორტირება და ცხოვრების ხარჯები ჩვენი პრობლემა არ არისო" - რკინიგზის თანამშრომლების პროტესტის მეთერთმეტე დღე | Allnews.Ge

"მითხრეს, ტრანსპორტირება და ცხოვრების ხარჯები ჩვენი პრობლემა არ არისო" - რკინიგზის თანამშრომლების პროტესტის მეთერთმეტე დღე

უკვე მეთერთმეტე დღეა, რაც რკინიგზის თანამშრომლები, პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წევრები "საქართველოს რკინიგზასთან" სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ადმინისტრაციის რამდენიმე წევრის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით შიმშილობენ.

რკინიგზის ერთ–ერთი მოშიმშილე თანამშრომლის, უჩა ღვთისიაშვილის თქმით, 1 აგვისტოს კომპანიამ მას სამუშაოდ გურჯანიიდან მარნეულში გადასვლა შესთავაზა, თუმცა ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არც ხელფასის მოუმატებია და არც ამ ხარჯების დაფარვა აუღია საკუთარ თავზე, მაშინ, როცა დასაქმებულის ანაზღაურება სულ 500 ლარს შეადგენს.

"მითხრეს, რომ ტრანსპორტირება და ცხოვრების ხარჯები ჩვენი პრობლემა არ არის და თუ შეთანხმებაზე ხელს არ მოაწერ, სახლში წახვალო.

მათთან მოლაპარაკებას სამი დღის განმავლობაში ვაწარმოებდი, ვერაფერს მივაღწიეთ და შიმშილობა დავიწყეთ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ მედიასთან განცხადებების კეთება, თითქოს "საქართველოს რკინიგზამ" ტრანსპორტირება და საცხოვრებელი შემოგვთავაზა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შიმშილობის დაწყების შემდეგ ჩაიტანეს მარნეულში ვაგონი და მოაწყეს, სადაც ახლა დასაქმებულები ცხოვრობენ და აჩვენეს მედიას, რომ კომპანიამ ისინი უზრუნველყო," – აღნიშნავს რკინიგზელი.

მისივე თქმით, მან დაჩი ცაგურიას შესთავაზა, საცხოვრებლისა და ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დაედოთ, რაზეც უარი მიიღო.

"ამის შემდეგ მე ამ ადამიანს ვეღარ ვენდობი, ამიტომ მოვითხოვ, მის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ხორავას გადადგომას, რადგან პროვოკაციები სწორედ ამ ორ ადამიანს უკავშირდება. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება დავთანხმდე შემოთავაზებულ პირობებს, თუ ცხოვრებისა და ტრანსპორტირების საფასურს ამინაზღაურებენ ან სამუშაოდ კახეთში დამაბრუნებენ," – განმარტავს უჩა ღვთისიაშვილი და დასძინა, რომ მას რკინიგზიდან არავინ დაკავშირებია და ახალი პირობების შესახებ კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

"საქართველოს პროფესიული კავშირების" წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, რკინიგზელთა სამსახურიდან წასვლის პროვოცირებას კომპანია ამგვარი რეორგანიზაციით უკვე დიდი ხანია ახდენს, რაშიც ცაგურიასა და ხორავას ხელი ურევია.

"რეორგანიზაცია დასაქმებულებთან შეთანხმების გარეშე დაიწყო, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

მათ პირდაპირ გამოუცხადეს დასაქმებულებს, რომ სამუშაო ადგილებს უცვლიდნენ. რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა რამდენჯერმე სცადა, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებით გადაეწყვიტა, მაგრამ დამსაქმებლის ხისტმა მოქმედებამ საქმე შიმშილობამდე მიიყვანა," – განმარტავს დოლაბერიძე.

პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ კომპანიას დასაქმებულთა კომუნიკაციაზე ეზრუნა, მედიასთან შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.

ბრალდებებს უარყოფს "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია. მისი თქმით, კომპანიას რომ დასაქმებულთა დაკავებული ადგილებიდან გათავისუფლების სურვილი ჰქონოდა, მათ კახეთის დეფექტოსკოპიის სამსახურის გაუქმების გამო, სამუშაოდ სხვა ადგილზე არ გადაიყვანდნენ.

"გაუქმდა სამსახური, სადაც ისინი მუშაობდნენ, მათი გაშვება რომ არ გვინდოდა, სამსახური უახლოეს ადგილზე შევთავაზეთ, ტრანსპორტირებითა და საცხოვრებლით, რაზეც ახლა ამბობენ, რომ ასე არ არის. ჩვენ მედიის წარმომადგენლებსაც ვაჩვენეთ მარნეულში ის საცხოვრებელი, სადაც ამჟამად, მათი კოლეგები იმყოფებიან და ამ ადამიანებთან დარეკვა და აღნიშნულის გადამოწმება თავადაც შეუძლიათ. დეფექტროსკოპი კახეთში იმიტომ გავაუქმეთ, რომ ეს ნაკლებადდატვირთული მონაკვეთია და მატარებლებიც ხშირად არ მოძრაობენ. ამ ადამიანების აყვანა რომ არ გვდომოდა, გავუშვებდით და მათ ნაცვლად სხვებს დავასაქმებდით. რეალურად, პრობლემა მხოლოდ ერთ ადამიანს, უჩა ღვთისიაშვილს აქვს, რომელსაც ჩვენი არ სჯერა, თუმცა მას შეუძლია, სამსახურში ახლაც გამოცხადდეს და ტრანსპორტირებითა და საცხოვრებლითაც ისარგებლოს," – განმარტავს "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენელი. მისივე თქმით, ყველაფერი "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის პროვოცირებულია, "გაერთიანებაში მალე არჩევნები ჩატარდება და პეტრიაშვილს ეს სწორად ამიტომ სჭირდება".

დაჩი ცაგურია რკინიგზელების შევიწროების ფაქტსაც უარყოფს.

"მათ რომ ვინმე ავიწროებდეთ, ისინი თავიანთ აზრს ასე თავისუფლად ვერ გამოხატავდნენ, გარდა ამისა, კომპანიაში ისევ დასაქმებულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი გაშვების სრული უფლება გვქონდა, რადგან ამ ადამიანების სამუშაო ადგილი გაუქმდა," – აღნიშნავს ცაგურია.

ამ ეტაპზე რკინიგზელები და მათი მხარდამჭერები შიმშილობას აგრძელებენ, მათი თქმით, ეს პროცესი იქამდე გასტანს, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

 

myquiz