დუშეთში ხანძრის ქრობის პროცესში კერძო კომპანიის ვერტმფრენია ჩართული | Allnews.Ge

დუშეთში ხანძრის ქრობის პროცესში კერძო კომპანიის ვერტმფრენია ჩართული

დუშეთში ხანძრის ქრობის პროცესში კერძო კომპანიის ვერტმფრენია ჩართული. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ თვალივში, სატყეო სამსახურისა და სამაშველო კონტიგენტის მუშაობის შედეგად, გუშინ, დღის ბოლოს, ხანძრის ყველა კერის ლოკალიზება მოხერხდა. გუშინვე დაიგეგმა ლოკალიზებული კერების ლიკვიდაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

გუბერნატორის ინფორმაციით, დღეს დილიდან, პროცესში კერძო კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთო.

მისივე ცნობით, 10 ტონა საწვავი კომპანია "სოკარ პეტროლიუმმა" უსასყიდლოდ გამოყო, ნატახტარის აეროდრომმა კი, საწვავი მიიღო. ვერტმფრენი საწვავით შევსებას, სწორედ, ნატახტარის აეროდრომზე ახორციელებს.

"ვერტმფრენი ამ დროისთვისაც აგრძელებს მუშაობას. ტერიტორიის 80%-ზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ვერტმფრენის მიერ ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ, სატყეო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მიწის დამუშავებას დაიწყებენ", - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დამწვარია 1.8 ჰექტარი მიწის ფართობი.

myquiz