დღეს, 12:00 საათზე, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგი გამოქვეყნდება | Allnews.Ge

დღეს, 12:00 საათზე, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგი გამოქვეყნდება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გასულ წელსაც იგივე რაოდენობის აბიტურიენტებმა ვერ გადალახეს. დღეს 12:00 საათიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უნარების გამოცდებში შეფასებები იხილონ. ორშაბათიდან კი სხვა გამოცდების შედეგები ეტაპობრივად იქნება გამოქვეყნებული.

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტების საგამოცდო პროცესი გუშინ ფიზიკასა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა. დღეს კი გამოცდებს მაგისტრობის მსურველი სტუდენტები ჩააბარებენ და ამით მთლიანად საგამოცდო პროცესი სრულდება.

წელს გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. მიმინოშვილის თქმით, გამოცდების პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. ტექნიკურ აპერლაციაზე განაცხადები აბიტურიენტებისგან ცენტრში იყო შესული და ყველა აპლიკანტმა პასუხი მიიღო.

რაც შეეხება გამოცდების შედეგების აპელაციას, აბიტურიენტს საკუთარი ნაშრომების ხილვის შემდეგ აპელაციისთვის 5 დღის ვადა ექნება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე 41 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა სასკოლო გამოცდები ვეღარ დაძლია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში 29 000 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 3% გამოცდაზე არ გამოცხადდა. ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.

myquiz