ლამბერტი, შმერლინგი, კასტელი, ჰომერი, ჰუპერტი - მოგზაურობა თბილისის უცნობ ქუჩებში | Allnews.Ge

ლამბერტი, შმერლინგი, კასტელი, ჰომერი, ჰუპერტი - მოგზაურობა თბილისის უცნობ ქუჩებში

რუსთაველი, აღმაშენებელი, კოსტავა, ჭავჭავაძე - თბილისის ქუჩები ამ ყველასთვის ცნობილი ადამიანების სახელებს უკვე დიდი ხანია ატარებს. ზოგიერთისთვის ეს ქუჩები დანიშნულების ყოველდღიური წერტილია, წარმატებისკენ მიმავალი გზა, სიმშვიდის მოპოვების საშუალება ან უბრალოდ საყვარელი ადგილები. მაგრამ ეს სტატია, რუსთაველის, აღმაშენებლისა და კოსტავას მეზობელ ქუჩებზეა. მაშ ასე, დავიწყოთ მოგზაურობა, უმრავლესობისთვის უცნობ და უჩვეულო ქუჩებზე.

ოსკარ შმერლინგი გერმანელი წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსია., რომელიც ქართული კარიკატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. შმერლინგი ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი იყო. 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში.

კრისტოფერ კასტელი იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის წევრია. ის საქართველოში 1628 წელს, პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად ჩამოვიდა. 1634 წელს, მისიონერები შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა ისინი განდევნა. კრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოში იყო, შემდეგ კი იტალიაში დაბრუნდა.

იანს ჰომერი - საქართველოში ჩოგბურთის განვითარება სწორედ ამ ადამიანის სახელს უკავშირდება. ის წარმოშობით ერთი მხრივ ბერძენი, მეორე მხრივ კი ფრანკო–იტალიელია. იანსი თავის ოჯახთან ერთად ჭიათურაში ჩამოვიდა. მაშინ ინგლისელებმა, ამ ქალაქში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. იან ჰომერი სწორედ იქ გაეცნო სპორტის ამ სახეობას. 13 წლის ასაკში ჰომერი ქალაქის ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ საცხოვრებლად მშობლებთან ერთად დედაქალაში გადმოვიდა და აღმაშენებლის 117-ში დასახლდა, სადაც საჩოგბურთო კარიერა განაგრძო.

ჰუგო ჰუპერტი ავსტრიელი პოეტი და მთარგმნელია. ჰუპერტის შემოქმედებაში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ჩვენს ქვეყანაში ის პირველად 1949 წელს ჩამოვიდა და ვეფხისტყაოსნის სათარგმნად დაიწყო მზადება, რომელიც 1954 წელს დაასრულა. წიგნი პირველად 1955 წელს, მისივე წინასიტყვაობით გამოიცა - "რუსთაველი და მისი პოემა". საქართველოსადმია მიძღვნილი მისი ლირიკული კრებული "ყარიბის ქართული არგანიც".

არქანჯელო ლამბერტი იტალიელი მისიონერია, რომელიც 1630-1649 წლებში რომის კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1655, გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია XVII საუკუნის შუა წლების ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა საქართველოს შესახებ. იგი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს.

ამ ქუჩების უმეტესობას დიდ დოღომში წააწყდებით, ისინი ვეფხისტყაოსნის გმირების სახელობის ქუჩების მეზობლად მდებარეობენ. აქვე შეხვდებით ტიმოთე ბელოის, ფრედერიკ მონპერის, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის, ბარონ დე ბაის, ჰაინრიხ კლაპორტის და კრისტიან სტივენსის ქუჩებს, დაინტერესების შემთხვევაში კი მათი ისტორიებთან გაცნობას მარტივად შეძლებთ.

myquiz