პროკურორის ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე უარს ამბობს | Allnews.Ge

პროკურორის ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე უარს ამბობს

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე უარს ამბობს.

როგორც ზვიად გუბელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პროკურატურამ მიმართა ოხანაშვილის ოჯახს, რომ ის სასამართლოში დაკითხვის მიზნით მოწმის სახით გამოცხადებულიყო, რაზეც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ "სოსო ოხანაშვილი საქართველოში არ იმყოფება და არც აპირებს ჩამოსვლას".

"დავუკავშირდით ოჯახის წევრს, რომელმაც გვითხრა, რომ იმყოფება გერმანიაში და არ აპირებს ჩამოსვლას. ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ რაც გამოძიების ეტაპზე აქვს მიცემული ჩვენება, იმის გამოქვეყნება მოხდეს სასამართლოზე", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

მისივე თქმით, ოხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების შუამდგომლობას პროკურატურა დღეს დააყენებს.

თუკი მოსამართლე აღნიშნულ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ამის მიუხედავად შესაძლებელია, სოსო ოხანაშვილი დაკითხვაზე მაინც დაიბარონ. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი მოწმეთა სიაში დაცვის მხარესაც ჰყავს შეყვანილი და შესაძლებელია, მათი შუამდგომლობის საფუძველზე ოხანაშვილი დისტანციურად დაიკითხოს.

myquiz